მაკა ბოჭორიშვილი - არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია აბსოლუტურად სწორი იყო
მაკა ბოჭორიშვილი - არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია აბსოლუტურად სწორი იყო

არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის რეაქცია აბსოლუტურად სწორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ბრალდებები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„რეალურად, უკრაინა იფარებდა დამნაშავეს და კიდევ ერთი დანაშაული ჩაადენინეს სააკაშვილს, როცა მან საქართველოში შემოსვლისას ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ამ მიმართულებითაც ჩვენი წუხილი აბსოლუტურად გამართლებულია. რუსეთთან ფრენების შეწყვეტის საკითხს რაც შეეხება, ეს ადასტურებს, რომ მთელი რიგი ქმედებები მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით და არაერთხელ განიმარტა, რას ნიშნავს საქართველოს მხრიდან რუსეთში ფრენების შეწყვეტა და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. ამან, შესაძლოა, მოუტანოს ძალიან მძიმე შედეგები არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კუთხით. რაც შეეხება სანქციებისგან თავიდან არიდებას, ეს არის ნარატივი, რომელსაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება ხელს უწყობს დაუსაბუთებელი განცხადებებით. ჩვენ ასეთი არაერთი განცხადება ვიხილეთ. მათი ბრალდებები იყო, როდესაც თქვეს, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ხდება რაღაც ტვირთების გადაზიდვა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. სწორედ ამიტომ მოექცა საქართველო ფოკუსში ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვნახეთ, რა მოჰყვა შედეგად, მაგალითად, ჩვენს თანამშრომლობას ევროკავშირსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო არ არის ის ადგილი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი თავს არიდებს სანქციებს. საქართველო ძალიან კარგად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა ეს არ მოხდეს და რაიმეს დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, მსგავსი ბრალდებები მიმართულია იმისკენ, რომ რეპუტაცია შეულახონ საქართველოს. ძალიან რთულია საქართველოსთვის, როდესაც მთელი ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მხარეს და მათ სიტყვას უსმენს მთელი მსოფლიო. არახამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობის რეაქცია იყო აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.