დავით მათიკაშვილი - არახამიას განცხადებამ დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლების მცდელობაა, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა ხელოვნურად დააზიანოს, ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს
დავით მათიკაშვილი - არახამიას განცხადებამ დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლების მცდელობაა, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა ხელოვნურად დააზიანოს, ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს

უკრაინა აღარ უნდა იყოს ქართველი კრიმინალების თავშესაფარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობის დაზიანება ხელოვნურად ხდება.

„არახამიას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხდება მცდელობა, ურთიერთობა გააფუჭოს, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ისტორიული, მეგობრული, თბილი ურთიერთობა დააზიანოს. ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს. უკრაინა აღარ უნდა იყოს ქართველი კრიმინალების თავშესაფარი. ძალიან მძიმე მოცემულობის მიუხედავად, საქართველო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს და დასრულდეს ის ტანჯვა, რომელიც უკრაინაში არის დღეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.