ბექა ოდიშარია - საქართველოს ხელისუფლების მიმართ დავით არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური, მტრული დამოკიდებულება ახალი არ არის
ბექა ოდიშარია - საქართველოს ხელისუფლების მიმართ დავით არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური, მტრული დამოკიდებულება ახალი არ არის

დავით არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური და მტრული დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველო უკრაინელ ხალხს და უკრაინულ სახელმწიფოს მხარს უჭერს.

„ჩვენ უკრაინელ ხალხს და უკრაინულ სახელმწიფოს მხარს ვუჭერთ დღემდე და, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობებს. არახამიას უხამსი განცხადებები ახალი არ არის, მას პასუხს ახლა არ გავცემდი. სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, არახამიას უხამსი გამონათქვამები რომ არახალია, ამაზე მოგახსენეთ. სულ ახლახან იყვნენ ჩამოსული ამ დარგის ოფიციალური ხელმძღვანელები და კურატორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებმაც ცალსახად თქვეს, რომ სანქციებიდან თავის არიდების საშუალება საქართველოში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.