დანაშაულის შეუტყობინებლოს საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
დანაშაულის შეუტყობინებლოს საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის შეუტყობინებლოს საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მოსამართლე ეკატერინა გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც საქმის პროკურორი ითხოვდა კალანდიას მიმართ ამ ეპიზოდზე დევნის შეწყვეტას.

მისი განმარტებით, მიხეილ კალანდია არის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული, შესაბამისად, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის დაფარვაზე მის წინააღმდეგ დევნა უსაფუძვლო იყო.

მოსამართლემ განმარტა, რომ სწორედ მკვლელობის საქმეზე დადებული მსჯავრი არის მთავარი საფუძველი, რის გამოც, მის წინააღმდეგ ამ ეპიზოდზე დევნა უნდა შეწყდეს.

„საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, დევნა უნდა შეწყდეს, თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე. მიხეილ კალანდია მსჯავრდებულია 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად. ეს განაჩენი უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ და უზენაესის მიერაც. რამდენადაც ის მსჯავრდებულია, მოცემულ საქმეზე კი, ბრალად ედება იმავე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ეს ვერ შეფასდება იმ დანაშაულის შეუტყობინებლობად, რომელიც თავადვე ჩაიდინა. უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსით და დაადგინა ადგილზე, რომ პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. მიხეილ კალანდიას მიმართ შეწყდეს დევნა“, – განაცხადა მოსამართლემ.