დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში დევნის შეწყვეტას თავად პროკურატურა ითხოვს.
შუამდგომლობა ბრალდების მხარემ სასამართლოში უკვე დააყენა, რაზეც დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას მიხეილ კალანდიაც ესწრება.
ბრალდების მხარემ სასამართლოში კალანდიას მიმართ სამი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დამატებით მტკიცებულებად წარადგინა, რომლის საფუძველზეც დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო. ამ პოზიციას არ ეთანხმება კალანდიას ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენება სამი წლის განმავლობაშიც შეეძლო და დღეის მდგომარეობით, მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარისთვის გაუგებარია.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.