ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო მთავარ სამმართველოში ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატების, იოსებ ჯანაშიასა და ხათუნა ჯანაშიას ინფორმაციით, ბრალის წარდგენის შემდეგ, ბიძინა ესებუამ გამოძიების კითხვებს უპასუხა. იოსებ ჯანაშიას თქმით, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საბრძოლო მასალა ჩაუდეს.
„ჩვენებაში დეტალურად განმარტა, თუ სად ეყენა ავტომობილი. სავარაუდოდ სად განხორციელდა ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე აღწერა მისი დაკავების დეტალები. ეს იყო, ჩვენებაში რაც ჩამოაყალიბა. დღეს ბრალი წარედგინა და გადმოგვეცა საქმის მასალები“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.
მისივე განცხადებით, ბიძინა ესებუას დაკავება განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით „საქართველოს ბანკის“ თავდასხმისთვის ძებნილ მის ძმაზე, ბადრი ესებუაზე განხორციელდეს ზეწოლა, რათა ბადრი ესებუა პოლიციას ჩაბარდეს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებების სერიებს არ გამორიცხავს.
ადვოკატ ხათუნა ჯანაშიას თქმით, გამოძიებას ბიძინა ესებუასთან კითხვა ჰქონდა მის ძმასთან, ბადრი ესებუასთან ურთიერთობისა და მასთან კონტაქტის შესახებ. ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუამ ამ კითხვაზე განაცხადა, რომ ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია.
ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავეს. ის ამ დრომდე რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო 14 დეკემბერს იმსჯელებს.