ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ გამოაცხადა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუას ერთ-ერთი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ის ბადრი ესებუას საქმესთან გააერთიანა.

„სამწუხაროდ, ამ პირზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მისი ძმა ჩაბარდეს პოლიციას. ამ საქმეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარღვევა. სასამართლომ კვლავ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. არც ერთი გონიერი ადამიანი მსგავს საქციელს არ ჩაიდენს, როდესაც ხორციელდება მისი ოჯახის თვალთვალი. ჩვენი შუამდგომლობა იყო, არ შეეფარდებინათ აღკვეთის არც ერთი სახე, თუმცა ალტერნატივის სახით, დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით.ა სასამართლომ ჩვენი არც ერთი პოზიცია არ გაიზიარა”,- განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმაა. ის მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დააკავეს.