ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულ ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა და სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს
ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულ ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა და სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. ბიძინა ესებუა ბრალდებულია და ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით, ბიძინა ესებუას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, მასთან ერთად საკანში მყოფი ექვსი პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული. ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.

ბიძინა ესებუა სამართალდამცავებმა გასული წლის 12 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.