დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება - რა უნდა ვიცოდეთ ახალი სისტემის შესახებ
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ დღეს, ახალი სისტემის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადეს.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.
თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული – საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.
შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.
საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.
კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.