დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

ამასთანავე, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დაგროვილი თანხის უსაფრთხოების მექანიზმებს, ფულის ღირებულებისა და შესაძლო ინფლაციის ფაქტორების გავლენას საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოლიტიკას, არსებულ რისკებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, კომიტეტმა საკითხი არ ჩათვალა მომზადებულად და მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კომიტეტის დასკვნაში აისახება, რაც წამყვან კომიტეტში განსახილველად წარდგენისას უნდა იყოს დოკუმენტში გათვალისწინებული.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.