მასიური ვარსკვლავები მშვიდად არ კვდებიან. მათი სიკვდილი შთამბეჭდავი აფეთქებაა, რომელსაც შეუძლია გადაანათოს მთლიანი გალაქტიკა. ახლახან, ასტრონომებმა გამოავლინეს ყველაზე მძლავრი ასეთი აფეთქება მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს.
სუპერნოვას, სახელად SN2016aps, რომელიც ჩვენგან 4,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე არსებულ გალაქტიკაში მდებარეობს, ტელესკოპი PanSTARRS-ი 2016 წლის 22 თებერვალს დააკვირდა.
ამჯერად, ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ SN2016aps 500-ჯერ უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე ტიპური სუპერნოვას აფეთქება. მათი თქმით, ეს გახლავთ უკაშკაშესი, ყველაზე ენერგიული და შეიძლება, ყველაზე მასიური სუპერნოვა ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის, რომელსაც უფრო ჰიპერნოვას კატეგორია შეესაბამება.
„SN2016aps მრავალმხრივ შთამბეჭდავია. ის არა მარტო ყველაზე კაშკაშაა ამ დრომდე დაკვირვებულ სუპერნოვათა შორის, არამედ აქვს რამდენიმე ისეთი თვისება და მახასიათებელიც, რომელთა გამოც ის უიშვიათესია სამყაროში მიმდინარე ვარსკვლავურ აფეთქებათა შორის“, — განმარტავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომი ედო ბერგერი.
მიუხედავად იმისა, რომ SN2016aps-მა პიკს 2016 წლის იანვარში მიაღწია, მასზე დაკვირვებები მაინც გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც PanSTARRS-ის მონაცემებში სუპერნოვა შენიშნეს, ასტრონომებმა ფრთხილად განაგრძეს დაკვირვება, როგორ ბნელდებოდა ობიექტი დროთა განმავლობაში; ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.
მათ ასევე ჩაიხედეს 2016 წლის იანვრამდე, ანუ პიკამდე შეგროვებულ მონაცემებში, სადაც ნახეს, რომ SN2016aps კაშკაშა იყო აფეთქებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2015 წლის დეკემბერშიც.
SN2016aps-ის სრული კინეტიკური ენერგია იყო დაახლოებით 5×1052 ერგი, რითაც ის ახლოს არის 1998 წლის ცნობილ ჰიპერნოვა SN1998bw-სთან, როდესაც მზეზე 25-40-ჯერ მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. თუმცა, SN2016aps-ის სიკაშკაშის პიკი 4,3×1044 ერგი აღმოჩნდა, SN1998bw-ის მაჩვენებელზე (1×1043 ერგი) 40-კერ უფრო კაშკაშა.
ბერგერის განცხადებით, ამ სუპერნოვას ძლიერი ენერგია მიუთითებს წარმოუდგენლად მასიურ წინაპარ ვარსკვლავზე, რომელიც დაბადებისას ჩვენს მზეზე სულ მცირე 100-ჯერ მასიური უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვარსკვლავს თავისით წარმოექმნა ასეთი კოლოსალური აფეთქება. ფაქტია, რომ მის თავს რაღაც განსაკუთრებული მოხდა, რაზეც მასზე ჩატარებულმა სპექტროსკოპიულმა დაკვირვებებმაც გამოავლინა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის ასტრონომის, მეტ ნიკოლის განცხადებით, მათ გაარკვიეს, რომ აფეთქების წინა წლებში, ძლიერი პულსირებისას ვარსკვლავმა ამოტყორცნა გაზის მასიური გარსი. აფეთქებისას წარმოქმნილი ნარჩენების ამ კედელთან შეჯახებამ კი წარმოქმნა სუპერნოვას წარმოუდგენელი სიკაშკაშე, ფაქტობრივად, ცეცხლზე ნავთი მიასხა.
მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ ვარსკვლავებს მასის დაკარგვა სჩვევიათ, ასეთ მოკლე დროში, აფეთქებამდე ასე ცოტა ხნით ადრე ამხელა მასის დაკარგვა მაინც უჩვეულოა. იმის გასარკვევად, როგორ და რატომ მოხდა ასე, საჭიროა სიმულაციებითა და მოდელირებით კვლევა.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს დიდი ოდენობით წყალბადი, რაც ერთგვარი თავსატეხი გახდა, რადგან მასიური ვარსკვლავები საკუთარი წყალბადის უდიდეს ნაწილს როგორც წესი, სუპერნოვად აფეთქებამდე ამოტყორცნიან. თუმცა, მკვლევრებმა ეს ამოცანაც ამოხსნეს — ეს დიდი ვარსკვლავი ერთ დროს ორი შედარებით პატარა, ცალ-ცალკე ვარსკვლავები იყო, რომლებიც შემდეგ შეერწყნენ.
„SN2016aps-ის მიერ წყალბადის შენარჩუნებამ გვაფიქრებინა, რომ ერთმანეთს შეერწყა ორი ნაკლებად მასიური ვარსკვლავი, რადგან დაბალმასიანი ვარსკვლავები თავიანთ წყალბადს დიდხანს ინარჩუნებენ“, — განმარტავს ბერგერი.
ამ შერწყმული წინაპარი ვარსკვლავის მასა და წყალბადის სიუხვე SN2016aps-ს უიშვიათესი სუპერნოვების კატეგორიაში ათავსებს, რომლებიც ხდება მხოლოდ ძალიან მასიურ, წყალბადითა და ჰელიუმით მდიდარ ვარსკვლავებში და პულსაციურ წყვილურ-არასტაბიური სუპერნოვა ეწოდება.
ეს გახლავთ მოვლენა, რომელიც ძალიან კაშკაშა სუპერნოვას ჰგავს, მაგრამ კოსმოსში მხოლოდ ვარსკვლავის მასის ნაწილი გაიტყორცნება, ადგილზე კი რჩება დაბალმასიანი ვარსკვლავი, რომელიც საბოლოოდ ნამდვილ სუპრნოვად ფეთქდება.
თუმცა, მაინც რჩება იმის მცირე ალბათობა, რომ მოხდეს სრული წყვილურ-არასტაბილური სუპერნოვა. ასე ხდება მაშინ, როდესაც მასიური ვარსკვლავის ბირთვი იმდენად ცხელია, რომ წარმოქმნის ელექტრონ-პოზიტრონთა წყვილებს და მცირდება რადიაციის წნევა, რაც ვარსკვლავს კოლაფსირებისგან იცავს. ამას კი საბოლოოდ მოსდევს ბირთვული აფეთქება, რომელიც ვარსკვლავს მთლიანად ანადგურებს ისე, რომ აღარ რჩება ბირთვის ნარჩენებიც კი.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ეს სცენარი განვითარდა SN2016aps-ის თავს. ამის გასარკვევად საჭიროა დეტალური სიმულაციები.
თუმცა, რადგან SN2016aps-ის დაფიქსირება მოხერხდა, ასტრონომებს სხვა ასეთი მოვლენების მოძებნის საშუალებაც ექნებათ. შედეგად, უკვე ადვილი იქნება ამ შთამბეჭდავ აფეთქებათა დახასიათებაც.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.