დაფიქსირებულია, როგორ გადაყლაპა ვარსკვლავმა საკუთარი პლანეტა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია, როგორ გადაყლაპა ვარსკვლავმა საკუთარი პლანეტა — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა გამოავლინეს მომაკვდავი ვარსკვლავის სინათლის ანთება, რაც დაკავშირებულია მის ორბიტაზე მოძრავი ერთ-ერთი პლანეტის განადგურებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის შესახებ თეორიები უკვე დიდი ხანია არსებობს, მისი მოქმედებაში დაფიქსირება პირველად მოხდა, რაც იმის გარკვევაში დაეხმარება, რა ემართება პლანეტურ სისტემას ვარსკვლავის დრამატული სასიკვდილო „კრუნჩხვებისას“, როდესაც ის ზომაში ასობით დიდი ხდება და გზადაგზა ყველაფერს სანსლავს; ამის შემდეგ, ვარსკვლავი საკუთარი მატერიის გარე ფენების გატყორცნას იწყებს და საბოლოოდ, პატარა ვარსკვლავურ ნარჩენად კოლაფსირდება.

წინა დაკვირვებებისას დაფიქსირებული იყო პლანეტის გადაყლაპვის მხოლოდ წინა და შემდეგი პროცესები, მაგრამ ეს მოვლენა მოქმედებაში პირველად დაფიქსირდა, დედამიწიდან 12 000 სინათლის წლის მანძილზე. აღნიშნული ვარსკვლავის სიკაშკაშე სწრაფად იმატებს, დაახლოებით ასჯერ და სწრაფადვე იკლებს. ჭარბად ასხივებს ინფრაწითელ სინათლეს.

ეს ყველაფერი შესაბამისობაშია მოდელებთან, რომლებიც აღწერს, რა დაემართება მზეს სიცოცხლის მიწურულს, რაც თავის მხრივ, ასტრონომებს ჩვენი ვარსკვლავის სიკვდილის უკეთესი პროგნოზების შექმნაში ეხმარება.

„დედამიწის მომავალს ვუყურებთ. თუკი რომელიმე ცივილიზაცია 10 000 სინათლის წლის მანძილიდან დაგვაკვირდება მაშინ, როდესაც მზე დედამიწას გადასანსლავს, დაინახავენ, როგორ აკაშკაშდება მზე უცაბედად, რადგან ის მატერიის ნაწილს გამოტყორცნის, შემდეგ თავის გარშემო მტვერს წარმოქმნის და კვლავ წინა მდგომარეობას დაუბრუნდება“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი კიშალეი დე.

მზის მსგავს ვარსკვლავა სიკვდილი საკმაოდ სასტიკი პროცესია. ირმის ნახტომში სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებებმა ამ პროცესის შესახებ გარკვეული ცნობები მოგვცა.

როდესაც ვარსკვლავი თავის ბირთვში წყალბადის საწვავს ამოწურავს, ირღვევა დელიკატურ ბალანსი სინთეზის გარეთ მიმართულ წნევასა და გრავიტაციის შიგნით მიმართულ წნევას შორის.

ბირთვი შეკუმშვას იწყებს, ვარსკვლავის გარე ფენებიდან ცენტრისკენ მიაქვს წყალბადი, რომელიც ბირთვის გარშემო გარსის სახით კონცენტრირდება. სიცხისა და წნევის გამო, წყალბადის ეს გარსი სინთეზს იწყებს, წარმოქმნის დამატებით სიცხეს, რომელიც ვარსკვლავის გარე ფენებს ისე ბერვას, რომ ვარსკვლავი თავდაპირველ ზომასთან შედარებით ასობით უფრო დიდი ხდება. თუმცა, ყველაზე გარე ფენები, რომლებიც უკვე ძლიერ გაუხშოებულია, სპექტრის წითელი დაბოლოებისკენ ცივდება. სწორედ ამ ფაზაში მყოფ ვარსკვლავს უწოდებენ წითელ გიგანტს.

გარე ფენების ასე გაფართოებისას, ვარსკვლავი გზადაგზა ყველაფერს სანსლავს. მზის სისტემაში ეს პროცესი რამდენიმე მილიარდ წელიწადში დაიწყება; მოსალოდნელია, რომ მზე მარსის ორბიტამდე გაფართოვდება და გზად გადაყლაპავს მერკურის, ვენერას და დედამიწას.

დე და მისი კოლეგები სულაც არ ეძებდნენ მომაკვდავ ვარსკვლავს, რომელიც თავის პლანეტებს ყლაპავს. ისინი უბრალოდ ტელესკოპ Zwicky Transient Facility-ს მონაცემებს სწავლობდნენ; ტელესკოპთა ეს კრებული ცას ოპტიკურ და ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში სწავლობს და ეძებს ერთმანეთის გარშემო ისე ახლოს მოძრავ ორმაგ (ბინარულ) ვარსკვლავებს, რომ ერთი მათგანი მეორეს მატერიას სწოვს; ამ პროცესის დროს სინათლის ანთებები წარმოიქმნება.

თუმცა, მათ სულ სხვა რაღაც აღმოაჩინეს.

„ერთ მშვენიერ ღამეს, შევნიშნე ვარსკვლავი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ასჯერ უფრო აკაშკაშდა, უცბად, არსაიდან. ნაკლებად ჰგავდა ჩემ მიერ ოდესმე ნანახ ვარსკვლავურ ამოფრქვევას“, — იხსენებს დე.

კეკის ობსერვატორიის ოპტიკური და ინფრაწითელი მონაცემების უფრო ახლოდან შესწავლისას, მათ ობიექტის ქიმიური შემადგენლობა დაადგინეს, რამაც რაღაც დიდი უცნაურობა გამოააშკარავა. ვარსკვლავს აღენიშნებოდა ისეთ ელემენტთა ნიშნები, მაგალითად, ტიტანისა და ვანადიუმის ოქსიდის, რომლებიც უფრო ცივი გარემოსთვის არის დამახასიათებელი და არა ვარსკვლავის პლაზმის ცხელი წყალბადისა და ჰელიუმისთვის.

პალომარის ობსერვატორიის დამატებითმა ინფრაწითელმა დაკვირვებებმა ეს დაადასტურა. რაც არ უნდა ყოფილიყო ეს აფეთქება, სახელად ZTF SLRN-2020, ის ნამდვილად არ იყო ორმაგი ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ აფეთქება რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო.

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოდიოდა წითელი ნოვას სახელით ცნობილ აფეთქებასთან, რასაც ორმაგ ვარსკვლავთა შეჯახება იწვევს.

თუმცა, მის მიერ გამოყოფილი ენერგია გაცილებით ნაკლები იყო, რასაც წითელი ნოვასგან უნდა ველოდეთ; უფრო მეტიც, ამ ენერგიის მეათასედი. სწორედ ეს გახლდათ ფაზლის ბოლო ნაწილი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც ვარსკვლავს შეერწყა, 1000-ჯერ უფრო პატარა უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი რომელიმე ვარსკვლავი; ბედნიერი დამთხვევაა, რომ იუპიტერის მასა მზის მასის დაახლოებით 1/1000-ია. სწორედ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ წინაშე იყო პლანეტის შეჯახება თავის ვარსკვლავთან“, — ამბობს დე.

ჯგუფის ანალიზების თანახმად, პლანეტის მაქსიმალური მასა იუპიტერისაზე 10-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო; გადაყლაპვის შემდეგ, ის გაფართოებადი წითელი გიგანტის ბირთვისკენ უნდა ჩავარდნილიყო.

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა პლანეტა გადაყლაპა, მისმა გაფართოებადმა გარე გარსმა გაციება განაგრძო, ვარსკვლავმა გარშემო მტვრის ღრუბელი წარმოქმნა, რამაც პალომარის ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული ხანგრძლივი ინფრაწითელი ხელწერა განაპირობა.

მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ „ნაკლული რგოლი“ ჩვენს წარმოდგენაში პლანეტური სისტემების ევოლუციის შესახებ. ამ სახის მოვლენას მათ „ქვეკაშკაშა წითელი ნოვა“ უწოდეს და მიაჩნიათ, რომ ZTF SLRN-2020 დაგვეხმარება, რათა გავიგოთ, რა ეფექტი აქვს პლანეტის შთანთქმას გვიანდელი ეტაპის ვარსკვლავთა სიკაშკაშეზე, ქიმიურ შემადგენლობასა და ბრუნვაზე.

მათი ვარაუდით, ქვეკაშკაშა წითელი ნოვა წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ახლა, როდესაც უკვე ვიცით, როგორ გამოიყურებიან ისინი, შეიძლება კიდევ ბევრი ასეთი მოვლენა აღმოვაჩინოთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.