2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხის მოძიებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარდა ძირითადი თავისუფლებების დაცვით.
ამასთან, დადგენილებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს.
„ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR), ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ახორციელებდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას, არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით.
აღნიშნული შეფასება გაიზიარა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCEPA), ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATOPA), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მაღალი რაოდენობით. კერძოდ, ცესკო-მ დაარეგისტრირა 120 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ხოლო ცალკეულმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა – 12 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. საერთო ჯამში, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოდგენილი იყვნენ 46 981 დამკვირვებლით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები – 910 დამკვირვებლით. საპარლამენტო არჩევნებს აშუქებდა 118 აკრედიტებული მედიაორგანიზაციის 6016 წარმომადგენელი.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები ადასტურებს, რომ ცესკო-მ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე. საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1 992 891 ამომრჩეველი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელს (1 825 054 ამომრჩეველი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ დაელოდნენ საარჩევნო პროცესის დასრულებას, მათ არ აღიარეს არჩევნების შედეგები და უარი განაცხადეს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მოუწოდებდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შესულიყვნენ პარლამენტში და ძირი არ გამოეთხარათ პარლამენტის დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის.
მმართველმა პარტიამ ოპონენტებს შესთავაზა ასეულობით საარჩევნო უბნის დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლა, ყველა საარჩევნო უბნის ვიდეოჩანაწერების ამოღება და გაცნობა, სატელევიზიო დებატები არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ, აგრეთვე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. თუმცა, ყველა აღნიშნულ შეთავაზებაზე ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა.
ოპოზიციის უარის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში შეესწავლა ნებისმიერი საკითხი, რასაც საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა შეიძლება მოეხდინა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის (შემდგომ ტექსტში – საგამოძიებო კომისია) საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, უკავშირდება პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას. ამასთან, გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
პარლამენტის დადგენილებაში შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე.
„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე. თუმცა, დადგინდა, რომ ანგარიშებში შესაბამისი მონაცემები თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით, რაც გამოიხატება ისეთი ჩანაწერებით, როგორიცაა – „ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა“, „ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება“ და ა.შ. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებების მართლებულობას დაადასტურებდა, რაც საგამოძიებო კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებების მიღების დროსაც დადასტურდა.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა – სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საკითხი. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობისთვის გაწეული სოციალური დახმარება ანგარიშებში მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გაუთვალისწინებლად არის განხილული. უპირველეს ყოვლისა, არ არის გათვალისწინებული პანდემიით შექმნილი განსაკუთრებული სოციალური სირთულეები და საგანგებო მდგომარეობა. გარდა ამისა, ყურადღება არ არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების გაწევა მხოლოდ მარტ-ივნისში წარმოებდა, პანდემიის გავრცელებასთან ერთად დაიწყო და არჩევნების დანიშვნამდე ჯერ კიდევ ორი თვით ადრე შეწყდა. სოციალური დახმარების გაწევის პერიოდში, შესაბამისი პოლიტიკოსები ჯერ არ იყვნენ საარჩევნო კანდიდატებად დასახელებული და რეგისტრირებული. მეტიც, მათ დიდ ნაწილს კენჭი არ უყრია როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ან საერთოდ არ მიუღია კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის მიხედვით, სავარაუდო მოსყიდვის მონაცემების თანაფარდობა მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაახლოებით თანაბარია (58/42%). შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები სინამდვილესაც რომ შეესაბამებოდეს, იგი არჩევნების შედეგზე ვერავითარ არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, მან საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის სულ 8 ფაქტი დააფიქსირა, რომელთაგან მხოლოდ 3 უკავშირდება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ხოლო 5 – ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება – 2020 წლის 4 ნოემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის „უპრეცედენტო“ გამოყენებას. თუმცა, ამ განცხადების მართებულობა არ დასტურდება ამავე ორგანიზაციების ანგარიშებით და უნდა შეფასდეს, როგორც სინამდვილის უხეში დამახინჯება. ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშებში ამავე ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ სიტყვა „უპრეცედენტო“ ხმარებიდან ამოიღეს.
ამომრჩევლის მოსყიდვის ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდის დონეზე მიუთითებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო შემთხვევები, ძირითადად, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობასა და სააგიტაციო ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეების დასწრებას უკავშირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ ირღვეოდა კანონი. გარდა ამისა, აღწერილი სავარაუდო შემთხვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვერავითარ არსებით გავლენას ვერ იქონიებდა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში აღიარებულია, რომ კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უდიდეს ნაწილში მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საარჩევნო ყუთთან თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, ზემოაღნიშნულ „სავარაუდო შემთხვევებზე“ მითითებით, საუბარია „წაშლილ ზღვარზე სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის“. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სავარაუდო შემთხვევების მოცულობისა და ხარისხის, აგრეთვე მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, აღნიშნული შეფასება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო ფაქტები – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ანგარიშში მითითებულია სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 14, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში – 25 შემთხვევა. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას რაიმე პოლიტიკური სარჩული შეიძლებოდა ქონოდა.
ანგარიშებში, აგრეთვე, მიმოხილულია სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და თვალთვალის ფაქტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ეს ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკური პარტიებს ქონდათ სუბიექტური ინტერესი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ესაუბრათ ზეწოლასა და მუქარაზე მათი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული.
საარჩევნო კამპანიის დაფინანსება – სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით იქმნებოდა მცდარი აღქმა, რომ, თითქოს, დაფინანსების თვალსაზრისით, მმართველი პარტია სარგებლობდა ჭარბი უპირატესობით ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. სინამდვილეში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით მიღებული თანხის ჯამურმა ოდენობამ ყველა პარტიისთვის 38 607 364 ლარი შეადგინა, საიდანაც მმართველ პარტიას 45% ხვდა წილად, რაც რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება მმართველი პარტიის მიერ 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებელს.
ამომრჩეველთა სიები – განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური სუბიექტი სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, საარჩევნო სიებსა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გამოყენებაზე ამახვილებდა საზოგადოების ყურადღებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით ანგარიშებში საარჩევნო სიებში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების კანონსაწინააღმდეგო გამოყენებაზე რაიმე ჩანაწერი არ გვხვდება. მეტიც, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას, დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ამომრჩეველთა სიების მიმართ ნდობა გამოხატა.
ვარჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მიერ წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღეს მომხდარ დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 180 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან დღემდე – გამოძიება მიმდინარეობს 125 საქმეზე, გამოძიება სხვადასხვა საფუძვლით (მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული კანონით „ამნისტიის შესახებ“) შეწყდა 26 საქმეზე, დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ, დევნა შეწყდა 4 პირის მიმართ, სასამართლოში წარიმართა 14 საქმე, რომელთაგან 5 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა შეწყდა 2021 წლის იანვრის კანონით „ამნისტიის შესახებ“.
არჩევნების დღე – უსაფრთხო და მშვიდი გარემო საარჩევნო უბნებზე
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ არჩევნების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა მხოლოდ 8% აცხადებდა, რომ საარჩევნო უბანზე იყო შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო. აღნიშნული მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საზოგადოების აღქმით, საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი ან დამაშინებელი გარემო შექმნილი არ იყო.
საარჩევნო უბნების უდიდეს უმრავლესობაში უბნებსა და უბნების გარშემო ტერიტორიაზე ძირითადად ფიქსირდებოდა სიმშვიდე. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში პროვოკაციების საფუძველზე იქმნებოდა აღქმა, რომ გარემო არ იყო მშვიდი. ამ აღქმას კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ მოვლენების დაუბალანსებელი გაშუქება ხელოვნურად ამძაფრებდა.
ცესკოს მიერ საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილ იქნა კოვიდ-უსაფრთხო გარემო, რაც მკაფიოდ არის ხაზგასმული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში.
ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადება – ოპოზიციური პარტიების სპეკულაციის განსაკუთრებული საგანი გახდა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების დრო. თუმცა, ანალიზი ადასტურებს, რომ ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა (50 პოლიტიკური სუბიექტი) დაფიქსირდა, ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები 7 საათსა და 25 წუთში გამოაცხადა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 25 საარჩევნო სუბიექტის პირობებში, წინასწარი შედეგები გამოცხადდა 5 საათსა და 30 წუთში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 16 საარჩევნო სუბიექტის პირობებში, პირველადი შედეგები გამოცხადდა 8 საათში.
საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოცხადების დრო, პარალელური დათვლის შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი.
ორგანიზაციამ 1 ნოემბერს, ნაცვლად დაანონსებული 11 საათისა, ბუნდოვანი მიზეზით, 3 საათის დაგვიანებით, 14 საათზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული როგორც პირველადი, ისე საბოლოო შედეგებისგან. აღნიშნული გარემოება ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ 6 კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების გაყალბების მტკიცებისას.
მმართველმა პარტიამ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში საჯარო ბრიფინგზე ეჭვქვეშ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შედეგები, ხოლო 2 კვირის თავზე მიმართა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს და მოუწოდა ეღიარებინა უხეში უზუსტობა, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განხორციელებული არაერთი კომუნიკაციის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჩაეტარებინა შიდა აუდიტი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორი იყო.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობით გამოიკვეთა, რომ პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო როგორც უხეში შეცდომით, ისე მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედებით. ორგანიზაციის მიერ არასწორად იყო გამოყენებული ფორმულა, რომლის კორექტირების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა.
პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეჭვს იწვევს შემდეგი გარემოებები: 1. პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადება სრულიად ბუნდოვანი მიზეზით დაგვიანდა რამდენიმე საათით; 2. არასწორ ფორმულაზე მმართველი პარტიის მხრიდან არაერთხელ არგუმენტირებულად მითითების მიუხედავად, ორგანიზაციამ უზუსტობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აღიარა; 3. ორგანიზაციამ პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან ერთად, გამოაქვეყნა უხეშად მანიპულირებული მონაცემები საარჩევნო უბნების ოქმებში 8-პროცენტიანი მეტობის დისბალანსთან დაკავშირებით, რისი სიმცდარეც საგამოძიებო კომისიის მიერ ფაქტების გადამოწმების შედეგადაც დადასტურდა.
ბათილი ბიულეტენები – არჩევნების შემდეგ, ვრცელდებოდა სპეკულაციური განცხადებები ბათილი ბიულეტენების ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი (3.28%) ნაკლები იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (3.43%) და მცირედით აღემატებოდა 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებლებს.
დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში – არჩევნების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით, ოპოზიციური პარტიები მიუთითებდნენ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსზე, საარჩევნო ბიულეტენების მეტობაზე ან ნაკლებობაზე, რათა არჩევნების გაყალბების შესახებ აღქმა შექმნათ. სტატისტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ დისბალანსთან დაკავშირებული კამპანია იყო სპეკულაციური და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ ნაწილში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ოდენობასთან შედარებით ნაკლები ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 924 საარჩევნო უბანზე შეადგენდა 3088-ს, ხოლო მეტი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 19 საარჩევნო უბანზე – 26-ს, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 0.16% იყო. საერთო ჯამში, დისბალანსის გამომწვევი ბიულეტენები იყო იმდენივე, რაც 2016 წელს და თითქმის 7-ჯერ ნაკლები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.
საარჩევნო დავები – არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ვადის დარღვევით (ყოველი სამი საჩივრიდან ორი) დიდი რაოდენობის საჩივრების წარდგენა შესაძლოა წარმოადგენდეს რიგი საარჩევნო სუბიექტების მიერ ხელოვნურად ინსცენირებულ, წინასწარ დაგეგმილ კოორდინირებულ აქტივობას საარჩევნო დავების განმხილველი მექანიზმებისა და მთლიანად, ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მიერ შესაბამის უწყებებში წარდგენილი საჩივრების 67% არ იქნა განხილული არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის წარდგენის ან წარდგენისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელებიდან მხოლოდ 15 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, რაც სასამართლოში წარდგენილი სარჩელების მხოლოდ 13%-ს წარმოადგენს.
ცესკოს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით, განხორციელდა საარჩევნო უბნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის – 39 ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნის გადათვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ საარჩევნო ხარვეზებს ვერ ექნებოდა გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. გადათვლის შედეგად, 39-დან 27 უბანზე შედეგების კორექტირება არ გახდა საჭირო“, – ნათქვამია დადგენილებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელა 20 სავარაუდო პრობლემური უბნის შედეგების გადათვლა, უბნები შეირჩა ყველაზე პრობლემური უბნებიდან, სადაც არსებითი დისბალანსი აღინიშნებოდა. დადგენილების თანახმად, აღნიშნულმა გადათვლამაც დაადასტურა, რომ ხარვეზები ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
გარდა ამისა, დადგენილებაში საუბარია კონკრეტულ რეკომენდაციებზე:
„მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გასაჯაროებისგან.
მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, დასკვნებსა და ანგარიშებში ასახოს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია, აგრეთვე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს რომელიმე პარტიის თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან სააწინააღმდეგო ქმედებად.
მიზანშეწონილია, დაიხვეწოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული სადამკვირვებლო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის სტანდარტი. ცესკო-მ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება.
აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განახორციელონ და გამოძიება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაასრულონ.
დასკვნა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, – ნათქვამია არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ პარლამენტის დადგენილებაში.