„ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს
„ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას იწყებს.

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება კოჯორში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წარდგენის პროცესს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ხელმძღვანელი პირები სრული შემადგენლობით დაესწრებიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიაში წარმოდგენილნი იქნებიან როგორც გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეებიც.

„დღეს გაიმართება საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება, სადაც წარვადგენთ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქნებიან საინტერესო სახეები, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს პარლამენტს, იქნებიან მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორც პარლამენტისთვის, ასევე ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისთვის. აქ იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრებიც და იქნებიან ახალი სახეებიც. ობიექტური კრიტერიუმები იქნა გამოყენებული კანდიდატების შერჩევის დროს. ეს არის მათი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება. ამ კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა თითოეული კანდიდატი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, თუ ვის რა რესურსი აქვს კონკრეტულ საარჩევნო ოლქში. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ 30-ვე ოლქში მოვიგოთ არჩევნები. მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში პირველივე ტურში შეგვიძლია არჩევნების მოგება. ასეთია დღევანდელი განწყობა, დღევანდელი სურათი და ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას, ის სავარაუდოდ სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამომრჩეველს ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე ელოდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია გუშინ დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში 11:00 საათზე დაიწყება.