ცესკო - საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება
ცესკო - საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები (სპეცჯგუფები) არაუმეტეს 12-12 წევრის შემადგენლობით.

არჩევნები ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზა,  №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალი”) გაიმართება.

„სპეცჯგუფის წევრები ავღანეთში გამგზავრებამდე გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს APO AE 09356-„COVID 19 სავალდებულო კარანტინის ინდივიდუალურ სერტიფიკატში“ მოცემული კარანტინის გავლის წესის შესაბამისად. კარანტინის დასრულების შემდეგ კი ჩაიტარებენ პისიარტესტს (PCR). ისინი სავალდებულო კარანტინს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაივლიან“, – აღნიშნავენ ცესკო-ში.

მათივე ცნობით, ავღანეთში კენჭისყრა გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საქართველოს დროით.

„სპეცჯგუფის მიერ შესაბამის საარჩევნო უბანში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები.

შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკო-ს. შედეგები შეჯამდება ცესკო-ს მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგებთან ერთად“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.