COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები ვირუსისადმი მდგრადი იმუნიტეტის შესახებ შეშფოთებას ზრდის — #1tvმეცნიერება
COVID-19-ით მეორედ ინფიცირების შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება გაცილებით მწვავე სიმპტომები განუვითარდეს. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც ადასტურებს, რომ ამ დაავადებით ერთზე მეტჯერ ინფიცირება სრულიად შესაძლებელია.
ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული კვლევა აღწერს აშშ-ში პირველ დადასტურებულ ხელახლა ინფიცირების შემთხვევას და მიუთითებს, რომ ვირუსის მოხდა შეიძლება სამომავლო იმუნურობის გარანტიას არ გვაძლევდეს.
ნევადაში მცხოვრები 25 წლის მამაკაცი COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ორი სხვადასხვა ვარიანტით 48-დღიან მონაკვეთში დაინფიცირდა.
მეორე ინფექცია პირველზე გაცილებით მწვავე აღმოჩნდა, პაციენტს ჰოსპიტალიზება და ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა.
პუბლიკაციაში მოყვანილია ხელახლა ინფიცირების ოთხი სხვა შემთხვევაც გლობალური მასშტაბით — ბელგიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ-კონგსა და ეკვადორში.
მკვლევართა განცხადებით, ხელახლა ინფიცირების პერსპექტივას შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეს პანდემიასთან მსოფლიოს ბრძოლაზე. კონკრეტულად კი, გავლენა მოახდინოს ვაქცინაზე მუშაობაზე.
„ხელახლა ინფიცირების შესაძლებლობას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჩვენს წარმოდგენაზე COVID-19-ისადმი იმუნურობის შესახებ, განსაკუთრებით ეფექტიანი ვაქცინის არარსებობისას“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნევადის სახელმწიფო საჯარო ლაბორატორიის მკვლევარი მარკ პანდორი.
მისივე თქმით, გვჭირდება ბევრი კვლევა, რათა გავიგოთ, რამდენ ხანს გასტანს იმუნურობა SARS-CoV-2-ისადმი ინფიქციაგადატანილ ადამიანებში და მიუხედავად იშვიათობისა, რატომ არის მეორედ ინფიცირება გაცილებით უფრო მწვავე.
ვაქცინის მოქმედების პრინციპი შემდეგია: აღძრავს ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ პასუხს განსაზღვრული პათოგენისადმი, აიარაღებს ანტისხეულებით, რომლებიც სხეულში ინფექციის მოხვედრის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ შეებრძოლებიან.
თუმცა, ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, რამდენ ხანს სძლებენ ორგანიზმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები.
ზოგიერთი დაავადების, მაგალითად წითელას შემთხვევაში, ინფექცია ანტისხეულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიტოვებს.ზოგიერთი სხვა პათოგენის შემთხვევაში კი იმუნურობა შეიძლება ძალიან მალე მიილიოს.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ამერიკელ პაციენტს შეიძლება ვირუსის ძალიან მაღალი დოზა შეეყარა, რამაც უფრო მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ასევე შესაძლებელია, რომ შეხვედროდა ვირუსის უფრო სახიფათო (ვირულენტური) შტამი.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შეიძლება საქმე გვქონდეს ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერების სახელით ცნობილ მექანიზმთან — როდესაც ანტისხეულები მომდევნო ინფექციას სინამდვილეში უფრო აუარესებს, მაგალითად, ასეა დენგეს ცხელების შემთხვევაში.
მკვლევრები შენიშნავენ, რომ COVID-19-ით ნებისმიერი სახის ხელახლა ინფიცირება ამ ეტაპზე უიშვიათესია და დადასტურებულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ათეულობით მილიონს შორის.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი შემთხვევა უსიპმტომოა და შესაბამისად გამოვლენაც ვერ ხერხდება, შეუძლებელია იმის დადგენა, COVID-19-ის მოცემული შემთხვევა პირველია თუ მეორე.
იელის უნივერსიტეტის იმუნობიოლოგიის პროფესორის, აკიკო ივასაკას განცხადებით, ახალმა აღმოჩენებმა შეიძლება გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოღებულ ზომებზე.
„რაც უფრო მეტი ხელახლა ინფიცირების შემთხვევა ჩნდება, სამეცნიერო საზოგადოებას ექნება შანსი, უკეთესად გაიგოს დაცვის თანაფარდობები და რამდენად ხშირად აღძრავს SARS-CoV-2-ით ინფიცირება იმუნურობის ამ დონეს“, — აღნიშნავს ივასაკა.
მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია საკვანძოა იმის დასადგენად, რომელ ვაქცინას შეუძლია ამ ზღვრის გადალახვა, რათა მოგვცეს ინდივიდუალური და კოლექტიური იმუნიტეტი.
კვლევა The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.