ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი წარედგინა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ის მას არ ჰქონია პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი.
„საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ სასმელს. შესაბამისად, დაწყებულია პირადი დაპირისპირების საფუძველზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენებებს, ჯერჯერობით არ ვიცნობ, ვინაიდან არ შემდგარა დაცვის ოქმი, როდესაც შედგება დაცვის ოქმი და გავეცნობი უშუალოდ რა მტკიცებულებები არსებობს ამის შემდეგ გიპასუხებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს აღიარებს.
„ინფორმაცია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებდა ქვეყნის დატოვებას არ ვადასტურებ, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ არსებობს სისხლის სამართლის მასალაში, რომელიც მე მითხრეს. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ ის სარფში დააკავეს, როგორც ვიცი, დაკავება მოხდა თბილისში.
რაც შეეხება, ვისთან ერთად იმყოფებოდა სუფრაზე, დეტალურად არ ვიცი ვინაიდან საქმის მასალებს არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ამ ეტაპზე, აღიარებს დანაშაულს, რომელიც დადგენილია ბრალდების მხარის მხრიდან. თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ სასამართლოები ჩატარდება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გიორგი სოლოღაშვილი სავარაუდოდ, იცნობდა ცოტნე გამსახურდიას, რადგან ერთ სუფრაზე იმყოფებდნენ.
„როდესაც ეს კონკრეტული ქმედება განხორციელდა, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. სამწუხაროდ გამოკითხვის ოქმი შედგა ჩემ გარეშე გუშინ, ვინაიდან გუშინ ჯერ არ ვიყავი მისი ადვოკატი. ამ ეტაპზე გამოკითხვის ოქმს არ ვიცნობ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ ვიცი, დეტალურად რა ჩვენება მისცა მასთან მქონდა ათ წუთიანი შეხება, სადაც მითხრა, რომ ეთანხმება ბრალის ფორმულირებას. არ ვიცი, იცნობდა თუ არა თავად ცოტნე გამსახურდიას. აშკარად იცნობდა, ვინაიდან ერთ სუფრაზე ქეიფობდნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.