ცოტნე გამსახურდიას მეუღლე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური აცხადებს, რომ სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ჯაბაურის თქმით, ერთ-ერთი დაკავებული პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია და ის ცოტნეს მხოლოდ დაეხმარა.

„პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრემ და კიდევ ერთმა ადამიანმა, ფაქტობრივად, გაადაარჩინეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ცოტნე დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ეს პიროვნება არის დაკავებული შეუტყობინებლობის მუხლით. ვფიქრობ, ეს არის უსამართლო სამართალი და არ ვიცი, ასე თუ დარჩა, ძალიან სამწუხაროა. ადამიანი, რომელმაც ცოტნე გადარჩინა, დაკავებულია, ხოლო ის პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა ამ თავდასხმაში, რადგან მისი ძმა იყო ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, იდგა და უყურებდა, როგორ ურტყამდა ძმა ცოტნეს, თუ არ არის ეს ლოგიკური“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

ანა ჯაბაურის ინფორმაციით, გუშინ კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც საქმის პროკურორს შეხვდა.

„გუშინ ვიყავით პროკურატურაში მე და კონსტანტინე. პირადი საუბარი გვქონდა პროკურორთან, ხოლო ჩვენს ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს გააცნეს საქმის მასალები. ამირანმა მე და კონსტანტინე საქმის კურსში ჩაგვაყენა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მართლაც მაქსიმუმია გაკეთებული  პროკურატურისა და საგამოძიებო უწყებების მიერ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თვითონაც თქვეს, რომ ეს საქმის 10 პროცენტია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე არ გამორიცხავს, ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

„არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დეტალები შეიცვალოს და ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. ეს იყო მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ ერთ-ერთი ძმა გათავისუფლდა – ვფიქრობ, დროის სიმცირის გამო, სათანადო სამხილების მოპოვების ვერ შეძლება, ვერ მოსწრება.

თავდამსხმელებიდან უმეტესობა ნასამართლევია, და არაერთხელ. მათ შოროს, ორი მათგანი არის ბანალური ქურდბაცაცა, რომელთაც ნასამართლეობა ქურდბაცაცობის მუხლით აქვთ გერმანიაში და საფრანგეთშიც. გვარები არ მახსოვს.

ეს არის ჩემი ინფორმაცია. პროკურორებს არ უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ ასეა. ასეთი ქურდბაცაცული მენტალიტეტის მქონე თუ შეძლებს იმგვარი უღირსი საქციელის ჩადენას, როგორიც არის ჯგუფური თავდასხმა შეუიარაღებელ პირზე და არაერთი ცივი იარაღის გამოყენება, სასიკვდილოდ გამეტება.

ცოტნე სახლში შემოვიდა, ცოტა ხნის შემდეგ დატოვა სახლი და მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ჭიშკართან ვნახეთ, იყო სისხლის კვალი, ცოტნეს ქუდიც, მათი ნივთებიც იქ იყო. ეტყობა, ცოტნე იბრძოდა“, – აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

მისივე თქმით, მომხდარის რეალური მოტივი მისთვის უცნობია.

„ბრალდებულთა ადვოკატები მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც თქვეს ქურდბაცაცული მენტალიტეტის მქონე ადამიანებმა. არ ვიცი ცოტნეს ვერსია, რადგან ის კომენტარს ვერ აკეთებს და მხოლოდ ვრცელდება მათი ვერსია, რომ ცოტნეს ბრალია ყველაფერი. ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.