ანა ჯაბაური - გამოძიების ვერსიით, ცოტნე გამსახურდიას ჩასაფრებულები ელოდებოდნენ და მასზე თავდასხმა დაგეგმილი იყო
ანა ჯაბაური - გამოძიების ვერსიით, ცოტნე გამსახურდიას ჩასაფრებულები ელოდებოდნენ და მასზე თავდასხმა დაგეგმილი იყო

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის განცხადებები, რასაც  გამსახურდიას საქმეზე დაკავებულები და მათი უფლებადამცველები აკეთებენ.

ჯაბაურის ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით, ცოტნე გამსახურდიას რამდენიმე პირი თავს დაესხა, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ რასაც დაკავებულები და მათი უფლებადამცველები ლაპარაკობენ, მტკნარი სიცრუეა. ველაპარაკე იმ სუფრის თითოეულ წევრს და იქ არავითარი სერიოზული შეხლა-შემოხლა, არავითარი ფიზიკური დაპირისპირება და ერთმანეთის შეურაცხყოფა არ ყოფილა. ყოვლად წარმოუდგენელია, რასაც ისინი ამბობენ, მართალი იყოს. ამას არავინ ადასტურებს. გარდა ამისა, მე იმ სუფრიდან მომავალი ცოტნე ვნახე სახლში და იყო აბსოლუტურად მშვიდი, კარგ ხასიათზე.

კიდევ ის ვიცი, რომ ცოტნე გავაცილე კარამდე, შემდეგ ის ჭიშკარში გავიდა და ვიცი, რომ ერთ საათში იქედან უკვე საოპერაციოში იყო.  რომ გავედი, ქუდი ეგდო და სისხლის წვთები ესხა პირდაპირ ჭიშკართან, რაც მიუთითებს, რომ პირველი ტრავმა, რაც მიაყენეს, ეს იყო თავის ტრავმა, რა დროსაც მოძვრა ქუდი.

გამოძიების ვერსიაც იგივე არის, რომ ცოტნეს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი. წარმოუდგენელია, ოთხი, ხუთი ადამიანი ერთ ადამიანს მოსაკლავად თავს დაესხას და ამის მიზეზს რაიმე გამართლება ჰქონდეს.

გამოძიების ვერსია ასეთია, როგორც მე გადმომცა ადვოკატმა, რომ ჩასაფრებულები ელოდებოდნენ. ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, 15 წუთით ადრე, თუ 15 დღით ადრე, ამას ვერ გეტყვით. შეიძლება, იქვე მოხდა ამის დაგეგმვა“ ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ჯაბაური ვარაუდობს, რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს.

„ვვარაუდობ, რომ დაკავებულთა სია შეიძლება გაიზარდოს. თავად ცოტნე კარგად იცნობდა თამაზ ჩხეტიას, რომელთანაც განხეთქილება მოუვიდა, შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. მისი ვერსიით, ის იყო გასაშველებლად მისული. კახა ჩხეტიას ვიცნობდი შორიდან, დანარჩენი იყვნენ პირები, რომლებსაც ცოტნეც არ იცნობდა“ ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი