ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.

ამ ინიციატივის ავტორი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურია. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ამ სიახლის შემოღების შემდეგ, ისინი „საქართველოსთან საზღვარზე გადაადგილებას“ უკეთ გააკონტროლებენ.

„ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ხუბაევის განცხადებაში.