ციმბირში, გაყინულ ნიადაგში უძველესი ბეწვიანი მარტორქის საოცრად კარგად შემონახული სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ციმბირში, გაყინულ ნიადაგში უძველესი ბეწვიანი მარტორქის საოცრად კარგად შემონახული სხეული აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ციმბირის ყინულოვანი ჩრდილოეთ ნაწილის გაყინული ნიადაგები თანდათან დნება და ჩვენ წინაშე პრეისტორიულ გაყინულ ცხოველთა ნამდვილი სასაფლაო იშლება.

ბოლო ათწლეულებში რუსეთის იაკუტიის რესპუბლიკაში მეცნიერებმა თუ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს უძველესი მღვიმის ლომის ორი ბოკვერის, ბიზონის, ცხენის, ბეწვიანი მარტორქის ნაშიერისა და საოცრად კარგად შენახული ბეწვიანი მამონტის გაყინული სხეულები.

კლიმატის ცვლილება ათობით ათასი წლის განმავლობაში გაყინულ ნიადაგს თანდათან ადნობს და ჩნდება უფრო მეტი ცხოველის სხეული. იმ ადგილის მახლობლად, სადაც ადრე მსოფლიოში პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი პატარა ბეწვიანი მარტორქის სხეული იპოვეს, ადგილობრივებმა ამჯერად კიდევ ერთი ასეთი მარტორქა იპოვეს, რომლის სხეულის 80 პროცენტიც ხელუხლებლად არის შემორჩენილი.

ათობით ათასი წლის განმავლობაში ყინულებში შენახულ ახალგაზრდა ბეწვიან მარტორქას ისევ შემორჩენილი აქვს სქელი, მოწითალო-მოყავისფრო თმა, ოთხივე კიდური და შინაგან ორგანოთა უმეტესობა, მათ შორის ნაწლავებიც.

ამ დროისათვის, ეს ბეწვიანი პატარა ქმნილება საუკეთესოდ შემონახული ბეწვიანი მარტორქაა არქტიკულ იაკუტიაში აღმოჩენილთა შორის და შესაძლოა, ყველაზე ხელუხლებელი იყოს მათ შორის, რაც ამჟამად მსოფლიოშია აღმოჩენილი.

„სიკვდილის დროს ეს მარტორქა 3-4 წლის იყო და დედისგან ცალკე ცხოვრობდა; დიდი ალბათობით, ის დაიხრჩო. ჯერჯერობით უცნობია მისი სქესი. ველოდებით რადიონახშირბადული ანალიზების შედეგებს, რათა დავადგინოთ, როდის ცხოვრობდა იგი, თუმცა, დიდი ალბათობით, ის 20 000 – 50 000 წლის წინანდელია“, — ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგი ვალერი პლოტნიკოვი.

ამ უძველესი ქმნილების ბეწვი ახლა დალაქავებული და ტალახით დასვრილია, მაგრამ ძალიან ბევრს გვეუბნება წარსულის შესახებ. ბეწვის განლაგებაზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიკვდილისას, ცხოველს ზაფხულის ბეწვის საფარით ჰქონდა.

ცხოველის ნეშტი აგვისტოში, მდინარე ტირეხტიახის ქვედაწელში აღმოაჩინეს, საკმაოდ მიუდგომელ ადგილას.

იაკუტიის ვრცელ, მიყრუებულ ტეროტირიებს მხოლოდ რამდენიმე გზა აქვს და ზაფხულში მრავალი ადგილი გარესამყაროს მხოლოდ ნავით ან საჰაერო ტრანსპორტით უკავშირდება. ზამთარში ყინული წარმოქმნის დროებით გზებს და ტრანსპორტის მოძრაობაც შესაძლებელი ხდება.

 

მარტორქის სხეული ჯერ დეტალურად შესწავლილი არ არის, მაგრამ ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ საქმე დიდ აღმოჩენასთან გვაქვს. ამ დრომდე აღმოჩენილია მხოლოდ ერთი, ჩვილი ბეწვიანი მარტორქის სხეული, ისიც ამ რეგიონში; მკვლევრებმა მას საშა დაარქვეს და მისი ბეწვი უფრო მოყავისფროა.

ორივე აღმოჩენა ვალერი პლოტნიკოვს აფიქრებინებს, რომ ბეწვიანი მარტორქები პატარაობიდანვე შეგუებული იყვნენ ყინულოვან კლიმატს. ახლახან აღმოჩენილი მარტორქის რქაზე არსებული ნაკაწრები მიუთითებს, რომ ის საკვებზეც ნადირობდა.

პლოტნიკოვის განცხადებით, სხეულის უკანა ნაწილში შემორჩენილია რბილი ქსოვილები და ნაწლავების გარკვეული ნაწილი, რაც მისი ექსკრეტის შესწავლის საშუალებას იძლევა, ეს კი თავის მხრივ იმ უძველესი პერიოდის გარემოს აღდგენაში დაგვეხმარება.

მკვლევართა ჯგუფი მარტორქის სხეულს დამატებითი ანალიზებისთვის ჯერ იაკუტიის დედაქალაქში გაგზავნის, შემდეგ კი შვედეთში, სადაც მისი გენომის სეკვენირებას მოახდენენ, რათა უკეთ გავიგოთ მათი ისტორია.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.