ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია
ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორ მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 100-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მისივე თქმით, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება 21 პაციენტი, მათგან სამის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
„ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, ეს პაციენტები მშობლებთან ერთად არიან მოთავსებული. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს და აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი უკვე სამ კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ჩვილია, რომელიც სხვა კლინიკიდანაა გადმოყვანილი. ამ პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აქვს. მეორე ქუთაისიდან ჩამოყვანილი ბავშვია, რომელიც 15 წლისაა. მესამე ბავშვი, სამწუხაროდ, უკვე ოთხი წელიწადია, კომატოზურ მდგომარეობაშია. ის სხვა კლინიკაში მკურნალობდა, მართვით სუნთქვაზე იყო და იქ დაემართა კორონავირუსული ინფექცია. ამის გამო გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ამ ბავშვის მდგომარეობაც, რასაკვირველია, მძიმეა. გარდა ამისა, რეანიმაციაში წვანან ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აქვთ. სხვა განყოფილებაში მწოლიარე ბავშვები არიან მსუბუქად და საშუალო მიმდინარეობით. ამ კატეგორიის პაციენტი ბავშვები ხშირად 5 დღეში ეწერებიან და ახალი პაციენტები ემატებიან. თუმცა ბოლო ორი კვირაა, შემოსვლა გაცილებით შემცირებულია. მოგეხსენებათ, ავადობის საერთო რაოდენობამაც იკლო და ბავშვთა ავადობაც შემცირებულია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მაია ჩხაიძის თქმით, ჩვილები კორონავირუსით ძირითადად ოჯახური კონტაქტების შედეგად ინფიცირდებიან.
„ზოგადად, ბავშვები, ჩვილები და ახალშობილები ძირითადად ოჯახური კონტაქტებით ავადდებიან, რადგან მათ სხვა შეხება არ აქვთ. ეს ბავშვები მხოლოდ ბინაზე არიან. აქედან გამომდინარე, თუ მშობლების შეგნება მივა იქამდე, რომ ახალშობილს არ გადასდონ კორონავირუსი, კარგი იქნება და მოხარული ვიქნებით. ძირითადად, მათი ავადობის წყარო ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მან ასევე ვაქცინაციის ტემპის კლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციციშვილის კლინიკაშიც ვაქცინაციისთვის მიმართვიანობა შემცირდა. მაია ჩხაიძის განცხადებით, უნდა გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ ვაქცინების სარგებელი ირწმუნოს.
„ჩვენს კლინიკაშიც არის ვაქცინაცია და თვალნათლივ გამოჩნდა, რომ თითქმის მესამედი დარჩა იმ მომართვიანობის, რაც აქამდე იყო, თანაც „ფაიზერზეა“ ლაპარაკი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული. ავტორიზაცია კი არ აქვს ემერჯენსის. როგორც სხვა ვაქცინებს, ამას აქვს ჩვეულებრივი ვაქცინის სტატუსი, როგორიც არის წითელა, წითურა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ვაქცინაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია. როგორც გავიგეთ, ნოემბერში ვადა გასდის და ძვირადღირებული, ძნელად მოპოვებადი ვაქცინების ვადის გასვლა ტრაგედია იქნება. კამპანია უნდა გაძლიერდეს და ყველა რგოლი ჩაერთოს, როგორც მასმედია, ისე ექიმები, ალბათ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ ვაქცინებზე, რამდენად არის მისი სარგებელი, გვერდითი მოვლენები, როდის არ შეიძლება ვაქცინა და ძალიან შეშინებული, დამფრთხალია საზოგადოება. ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა, ახლა უკვე ის ხალხია დარჩენილი, რომელიც უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის ჩატარების სისწორეში. განსაკუთრებით ბავშვების, ჩვილების დასნებოვნება ხდება ოჯახის წევრებისგან, რის გამოც აუცილებელია, ოჯახის წევრები იყვნენ აცრილები. მით უმეტეს, ვისაც ახალშობილი ჰყავს, არანაირი სტუმარი, მომსვლელი არ იყოს ბავშვთან კონტაქტში და თუ ვინმე მივა, აუცილებლად, ნიღაბი გამოვიყენოთ“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მან ბრიფინგზე კორონავირუსის მოსალოდნელ მეხუთე ტალღასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მეხუთე ტალღა შემოდგომისკენ დაიწყება.
„მეხუთე ტალღას მთელი მსოფლიო ელის, საქართველოც არაა გამონაკლისი. სავარაუდოდ, მეხუთე ტალღა შემოდგომისკენ იქნება. ახლა უკვე, სადღაც ერთ კვირაში გრიპის ვაქცინა შემოდის და შემოდგომაზე, ზამთარში, გარდა კორონავირუსისა, ბევრი სეზონური ვირუსია, რომელიც დაიწყებს ცირკულირებას. ორივეს ზედდება, გრიპიც და კორონაც საკმაოდ ცუდი ტანდემი იქნება. შარშან ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო გრიპის ვაქცინაზე. გრიპის ვაქცინას, ისევე, როგორც სხვა ვაქცინას, ოთხი კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. რადგანაც გრიპი სეზონურია, დაახლოებით ნოემბრის თვიდან იწყებს ცირკულირებას“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.