მაია ჩხაიძე - სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ რესპირატორული ვირუსების შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ
მაია ჩხაიძე - სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ რესპირატორული ვირუსების შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება.

მისივე თქმით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

„ამჟამად მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი. სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით. ასეთი პაციენტებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან. არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მაია ჩხაიძის განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ მაია ჩხაიძე ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრის ბოლოსკენ. ამიტომ ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.