ჩვენს მზეს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. მის შესასწავლად ზონდიც კი გავუშვით; ასეთი რამ სხვა არც ერთი ვარსკვლავის შემთხვევაში არ გაგვიკეთებია. ასე ახლოდან შესწავლის შემდეგ, მეცნიერები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის, იგივე ყვითელი ჯუჯას ტიპური მაგალითია.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ასე სულაც არ იყოს. მზის მსგავს ვარსკვლავთა კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი ვარსკვლავი უჩვეულოდ წყნარი და მშვიდია, ყოველ შემთხვევაში, ასეა საკუთარი სიცოცხლის ამ ეტაპზე.
თავის თანასწორებთან შედარებით, მზე სიკაშკაშეში ნაკლებად მერყეობს და საშუალოზე გაცილებით დაბალი აქვს მზის ლაქების აქტივობაც. ასეთი შედეგი საკმაოდ საკვირველია და თანაც ისეთი, რასაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მომავალზე.
ცნობილია, რომ ჩვენი მზის სიკაშკაშე ოდნავ ცვალებადია მისი 11-წლიანი ციკლების გამო. ეს ციკლი იწყება მშვიდ პერიოდში, როდესაც მზის მაგნიტური ველები აკურატულად არის განლაგებული პოლუსებს შორის. თუმცა, იმის გამო, რომ ეკვატორი პოლუსებზე ჩქარა ბრუნავს, მაგნიტურ ველებს ფორმას აკარგვინებს. ამას კი შედეგად მოსდევს აქტივობის მატება, მზის ლაქები და სიკაშკაშის ცვალებადობა. თანდათანობით, დაახლოებით 11 წლის შემდეგ, მაგნიტური ველები ისევ თავის ადგილს უბრუნდებიან, პულუსები გადანაცვლდებიან და მზეც მშვიდ პერიოდში შედის.
ამ აქტივობის ცვლილების შესწავლა მძლავრი ხელსაწყოა მზის მომავლის პროგნოზირებისთვის. მართლაც, მზის წარსული აქტივობების შესასწავლად, გვაქვს საკმაოდ მძლავრი ხელსაწყო — თავად დედამიწა. სხვადასხვა ელემენტების კონცნტრაცია ხის რგოლებში, ყინულის ნიმუშებსა და ნამარხებში ძალიან გამოსადეგია იმის გასარკვევად, როგორ შეიცვალა მზე დროთა განმავლობაში.
ასეთი ჩანაწერებიდან ვიცით, რომ სულ მცირე ბოლო 9000 წლის განმავლობაში, მზის აქტივობა მეტნაკლებად ისეთი იყო, როგორიც დღესაა. თუმცა, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, იქცეოდა თუ არა მზე განსხვავებულად შორეულ წარსულში და არის თუ არა მისი ამჟამინდელი აქტივობის დონე დროებითი.
„მთელ თავის განვლილი სიცოცხლესთან შედარებით, ეს 9000 წელი მზისთვის თვალის დახამხამების მსგავსია. ჩვენი ვარსკვლავი ხომ 4,6 მილიარდი წლისაა. სარწმუნოა ვიფიქროთ, რომ მზე ათასობით წლიან მშვიდ ფაზაშია შესული და შესაბამისად, ხელთ გვაქვს ჩვენი ვარსკვლავის დამახინჯებული სურათი“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის ასტრონომი ტიმო რაინჰოლდი.
სწორედ აქ ხდება საჭირო სხვა ვარსკვლავთა დახმარება. იმისათვის, რათა გავიგოთ, არის თუ არა მისი ქცევა ტიპური, შეგვიძლია მზე სხვა ვარსკვლავებს შევადაროთ. კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის წყალობით კი, საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დეტალური მონაცემები. ეს ტელესკოპი ცას წლების განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც, ასტრონომებმა დაიანგარიშეს მისი ხედვის არეალში მოქცეული ათობით ათასი ვარსკვლავის ბრუნვა, ჩაიწერეს ლაქების გამო სიკაშკაშეში წარმოქმნილი მკრთალი ჩაბნელებები და მათი გაქრობა.
ეს კი საკვანძო ცნობაა, რადგან ვარსკვლავის ბრუნვის მაჩვენებელს დიდი წვლილი შეაქვს მისი მაგნიტური ველის სიძლიერეში. „მაგნიტური ველი არის აქტივობის ყველანაირი რყევის წარმმართველი ძალა“, — ამბობს ასტროფიზიკოსი სემი სოლანკი.
კეპლერის მონაცემებიდან მკვლევრებმა ამოარჩიეს ის ვარსკვლავები, რომელთა ბრუნვის პერიოდიც 20-30 დღეს შეადგენდა. (მზის ბრუნვის პერიოდი 24,5 დღეს შეადგენს). ამის შემდეგ, ეს მონაცემები შეადარეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემებს და გამოავლინეს 369 ისეთი ვარსკვლავი, რომელიც მზის მსგავსია ფერით, მასით, შემადგენლობით, ასაკით, ტემპერატურითა და ბრუნვის მაჩვენებლით.
ამის შემდეგ კი, კეპლერის მიერ ამ ვარსკვლავებზე ჩაწერილი სიკაშკაშის ცვალებადობა მზისას შეადარეს. შედეგები ძალიან აშკარა იყო. გაირკვა, რომ სხვა უმეტეს ვარსკვლავთან შედარებით, მზის რყევები ძალიან სუსტია. საშუალოდ, სხვა ვარსკვლავები მზესთან შედარებით ხუთჯერ მეტად მერყეობდნენ.
„ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ მზის მსგავს ვარსკვლავთა უმეტესობა მზეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის ასტრონომი ალექსანდერ შაპირო.
თუმცა, დაფიქსირებადი ლაქები ყველა ვარსკვლავს არ აქვს და შეუძლებელია მათი ბრუნვის მაჩვენებლის განსაზღვრაც. ფართო შედარებისთვის, მკვლევართა ჯგუფმა მზე შეადარა ბრუნვის უცნობი მაჩვენებლის მქონე 2500 ვარსკვლავს; აღმოჩნდა, რომ მათ ფონზე მზე საკმაოდ ნორმალურია.
ძნელია დაზუსტებით იმის ცოდნა, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი. შესაძლებელია, რომ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ბრუნვის ცნობილი და უცნობი მაჩვენებლების მქონე ვარსკვლავებს შორის. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, სავარაუდოდ, მზე სწორედ უცნობი მაჩვენებლის მქონე ჯგუფს მიეკუთვნება, თუკი მას იმ მანძილიდან შევისწავლიდით, როგორც კეპლერი სწავლობდა სხვა ვარსკვლავებს.
„მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ წიაღში დეფერენციალური მოძრაობის ცვლილების გამო, მზის დინამო დაბალი აქტივობისკენ გარდამავალ ფაზაშია“, — წერია კვლევაში.
მკვლევართა განცხადებით, ამ ინტერპრეტაციით, პერიოდული ვარსკვლავები ძლიერი აქტივობის რეჟიმში არიან, უცნობი პერიოდების მქონე ვარსკვლავები კი ასევე გარდამავალ ან დაბალი აქტივობის რეჟიმში იმყოფებიან.
კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ვარსკვლავს მერყეობა შეუძლია აქტივობის დონეებს შორის და მზეს ბოლო დროს უბრალოდ არ გამოუვლენია შფოთიანი აქტივობა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი რამ შეიძლება მომავალში მოხდეს; გაშმაგებულ მზეს კი შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს კომუნიკაციებს, ნავიგაციას, თანამგზავრებს და ელექტროგადამცემ ხაზებსაც კი.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მცირე ბოლო 9000 წლის განმავლობაში ჩვენი ვარსკვლავი საკმაოდ წყნარია, ასეთი რყევების ქრონოლოგია შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს ადამიანური თვალსაზრისით.
ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომელი ეს სცენარია უფრო მეტად სავარაუდო. თუმცა, გარკვეული პასუხის მიღებაში შეიძლება დაგვეხმაროს სამომავლო დაკვირვებები უფრო დახვეწილი, მგრძნობიარე ინსტრუმენტებით.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.