ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, სუპერმასიურ შავ ხვრელთან, უცნაური ობიექტები აღმოაჩინეს
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, სუპერმასიურ შავ ხვრელთან, უცნაური ობიექტები აღმოაჩინეს

ირმის ნახტომის ცენტრში მართლაც რაღაც უცნაური ხდება.

სუპერმასიური შავი ხვრელის მიმდებარე ზონა რა თქმა უნდა, საკმაოდ უცნაური ადგილია, მაგრამ ასტრონომებმა აღმოაჩინეს მშვილდოსანი A*-ს გარშემო მოძრავი ექვსი ობიექტი, რომლებიც გალაქტიკაში სხვა არაფერს ჰგვანან. ისინი იმდენად უჩვეულოა, რომ სრულიად ახალ კლასს მიაკუთვნეს, რომელსაც ასტრონომები G ობიქტებს უწოდებენ.

თავდაპირველი ობიექტები, სახელად G1 და G2 ასტრონომებმა პირველად დაახლოებით ოცი წლის წინ შენიშნეს; მომდევნო წლებში თანდათან შეისწავლეს მათი ორბიტები და უცნაური ბუნება. სავარაუდოდ, ისინი გაზის გიგანტური ღრუბლები იყო, 100 ასტრონომიულ ერთეულზე გადაჭიმული, შავ ხვრელთან მიახლოებისას კი უფრო იჭიმებოდნენ.

თუმცა G1 და G2 გაზის ღრუბლების მსგავსად არ იქცეოდნენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომის, ანდრეა გეზის განცხადებით, ეს ობიექტები გაზს ჰგავს, მაგრამ ვარსკვლავებივით იქცევა.

გეზი და მისი კოლეგები გალაქტიკის ცენტრს 20 წელიწადზე მეტხანს სწავლობდნენ. მათ მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომთა ჯგუფმა ანა სიურლოს ხელმძღვანელობით, კიდევ ოთხი ასეთი ობიექტი გამოავლინა — G3, G4, G5 და G6.

მათი ორბიტები G1-ისა და G2-ის ორბიტებისგან დიდად განსხვავდება. ყველა G ობიექტის ორბიტული პერიოდი ჯამში 170 წლიდან 1600 წლამდე მერყეობს.

უცნობია, რა არის ისინი, მაგრამ გეზის აზრით, დიდი საიდუმლო შეიძლება გამოვტყუოთ 2014 წელს G2-ის ხელუხლებლად გამოჩენას პერიაფსისიდან, ანუ შავ ხვრელთან ყველაზე ახლო მისვლის წერტილიდან.

მისი თქმით, ყველაზე ახლოს მისვლისას, G2-ს მართლაც უცნაური ხელწერა ჰქონდა.

როგორც გეზი აღნიშნავს, ის მანამდეც ჰქონდათ ნანახი, მაგრამ შავ ხვრელთან მიახლოებისას ის დაგრძელდა და უჩვეულო გახდა, შემოეცალა გაზის უმეტესი ნაწილი. მოშორების შემდეგ კი კვლავ კომპაქტური გახდა.

წარსულში მიიჩნეოდა, რომ G2 წყალბადის გაზის ღრუბელი იყო, რომელსაც სუპერმასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A* გაანადგურებდა და წარმოქმნიდა შთამბეჭდავ ფოიერვერკს. თუმცა, შავ ხვრელთან მიახლოებისას არაფერიც არ მოხდა.

ასტრონომთა აზრით, პასუხი მასიურ ბინარულ (ორმაგ) ვარსკვლავებში იმალება. Დროის უმტეს ნაწილში, საერთო ორბიტაზე ჩაჭედილი ეს ტყუპი ვარსკვლავები თავიანთ საქმით არიან გართული. მაგრამ ხანდახან, ბინარულ შავ ხვრელთა შეჯახების მსგავსად, ერთმანეთს ისინიც ეჯახებიან და წარმოქმნიან ერთ დიდ ვარსკვლავს.

როდესაც ეს ხდება, წარმოიქმნება მტვრისა და გაზის ვრცელი ღრუბელი, რომელიც ახალ ვარსკვლავს შეჯახებიდან ერთი მილიონი წლის განმავლობაში აკრავს გარს.

სიურლოს განცხადებით, ავ ხვრელთან მიახლოებისას, G2 რაღაცას უნდა შეენახა კომპაქტური და შესაბამისად, გადაერჩინა. Ეს კი G2-ის შიგნით ვარსკვლავური ობიექტის არსებობის მტკიცებულებაა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ხუთს? შეიძლება ისინიც ბინარულ ვარსკვლავთა შერწყმის შედეგებია. Გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავთა უმეტესობა ძალიან მასიურია და მათი დიდი ნაწილი ბინარულია. მშვილდოსანი A*-ს უკიდურესი გრავიტაციული ძალა შეიძლება საკმარისი იყოს მათი ბინარული ორბიტების საკმაოდ ხშირად დასანგრევად.

გეზის თქმით, სამყაროში ვარსკვლავების შერწყმა შეიძლება იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მისივე თქმით, ორმაგ ვარსკვლავთა შერწყმას შეიძლება შავი ხვრელები იწვევს. შესაძლებელია ისიც, რომ მრავალი უცნაური ვარსკვლავი, რომელთა თვისებებსაც ვერ ვხსნით, სწორედ ასეთი შერწყმების შედეგად იყოს წარმოქმნილი. ბინარულ ვარსკვლავთა ერთმანეთთან და შავ ხვრელთან ურთიერთქმედება ძალიან განსხვავდება ეული ვარსკვლავის სხვა ეულ ვარსკვლავებთან ან შავ ხვრელთან ურთიერთქმედებისგან.

როგორც ჩანს, რაც არ უნდა იყვნენ, G ობიექტებს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო, უფრო მეტი დეტალისთვის კი მეტი მონაცემებია საჭირო.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.