რაც უფრო მგრძნობიარე ხდება ცისკენ მიპყრობილი ჩვენი თვალები, სულ უფრო ბევრ ისეთ რაღაცას ვპოულობთ, რაც აქამდე არასოდეს გვინახავს.
სწორედ ასეთია ახლად აღმოჩენილი რადიოსიგნალთა წყარო, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან არც ისე შორს მდებარეობს. მას სახელად ASKAP J173608.2-321635 უწოდეს და ასტრონომები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმის დადგენას, რა სახის კოსმოსურ ობიექტზე შეიძლება მიუთითებდეს მისი უცნაური მახასიათებლები.
კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
„გაუწყებთ ASKAP J173608.2-321635-ის აღმოჩენის შესახებ: ეს გახლავთ ძლიერ პოლარიზებული, ცვალებადი რადიოწყარო გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს, რომელსაც აშკარა მრავალტალღისსიგრძიანი მეწყვილე არ ჰყავს“, — განმარტავს ასტრონომთა ჯგუფი, რომელსაც სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომი ციტენგ ვანგი ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, ASKAP J173608.2-321635 შეიძლება წარმოადგენდეს ობიექტთა ახალ კლასს, რომელთა აღმოჩენაც რადიოვიზუალური კვლევებით არის შესაძლებელი.
ASKAP J173608.2-32163 ავსტრალიური ტელესკოპით, ASKAP-ით აღმოაჩინეს, რომელიც ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპია და შექმნილია რადიოსამყაროს ღრმა მისადგომებში შესახედად.
ამ ტელესკოპმა უკვე გვაპოვნინა აქამდე უნახავი მრავალი ობიექტი, მათ შორის, უცნაური რადიო წრეები (არ ვიცით, რას წარმოადგენს ისინი), მილიონამდე გალაქტიკა და იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები (FRB).
შეიძლება, რომ ASKAP J173608.2-32163 სრულიად ცნობილი ტიპის რაიმე კოსმოსური ობიექტი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ნამდვილად შეცვლის ამ ობიექტის აქამდე არსებულ განსაზღვრებას.
ის ძლიერ ცვალებადია, კვირების განმავლობაში გამოყოფს რადიოტალღებს, შემდეგ კი სწრაფად უჩინარდება. ამას გარდა, სიგნალი ძლიერ პოლარიზებულია, ანუელექტრომაგნიტური ტალღის რხევის ორიენტაცია დაგრეხილია, როგორც ხაზობრივად, ისე წრიულად.
ამავე დროს, ASKAP J173608.2-32163 შესამჩნევად ძლიერ მოუხელთებელია. რა ობიექტიც არ უნდა იყოს ის, ფაქტია, რომ ამ დრომდე ნანახი არ გვაქვს. ტელესკოპმა ASKAP-მა ის სიც საპილოტე კვლევისას აღმოაჩინა, როდესაც გარდამავალ რადიოწყაროებს ეძებდა. 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აგვისტომდე, სიგნალი მონაცემებში 13-ჯერ გამოჩნდა.
2020 წლის აპრილსა და ივლისში კვლევები სხვა ტელესკოპებითაც ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერ ახალს ვერ მიაგნეს. თუმცა, 2021 წლის თებერვალში, საინტერესო რამ დააფიქსირა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე რადიოტელესკოპმა MeerKAT-მა. 2021 წლის აპრილში რაღაც დააფიქსირა ავსტრალიურმა რადიოტელესკოპმა ATCA-მაც.
ისინი ტელესკოპ ASKAP-ის აღმოჩენას ადასტურებდნენ, მაგრამ ასევე მიუთითებდნენ, რომ წყარო ძლიერ მოუხელთებელი იყო — MeerKAT-სა და ATCA-ს ის იქამდე დაფიქსირებული არ ჰქონდა. ეს წყარო არც რენტგენულ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ჩანდა, არც მრავალი სხვადასხვა ინსტრუმენტის საარქივო რადიომონაცემებში.
ამან კი მეცნიერთა წინაშე ფრიად მომნუსხველი საიდუმლო წარმოშვა. პოლარიზაცია გაფანტვასა და მაგნეტიზაციაზე მიუთითებს, რაც შესაძლოა. ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ჩვენსა და ამ წყაროს შორის, ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებული მტვრითა და მაგნიტური ველებით. თუმცა, არ არის გამორიცხული, თავად წყაროც იყოს ძლიერ მაგნეტიზებული.
საერთო ჯამში, მართლაც ძნელი გასარკვევია, რა შეიძლება იყოს ამ სიგნალთა წყარო. არსებობს ვარსკვლავთა რამდენიმე ტიპი, რომლებიც რადიო ტალღის სიგრძეებში ცვალებადია, მაგალითად, ის ვარსკვლავები, რომლებზეც ხშირად ხდება ამოფრქვევები, ანდაც ერთმანეთთან ახლოს მოძრავი წყვილური (ბინარული) ვარსკვლავები აქტიური ქრომოსფეროთი; ასევე შესაძლებელია ისეთ ვარსკვლავთა წყვილიც, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას, ერთმანეთს აბნელებენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც რენტგენულ და ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ვერაფერი დაფიქსირდა, ეს ვარიანტები ნაკლებად სავარაუდოა.
ამოფრქვევებით ცნობილ ვარსკვლავებს ძირითადად რენტგენული გამოსხივებაც აქვთ, რაც რადიოგამოსხივებას შეესაბამება; გარდა ამისა, ვარსკვლავების დიდ უმრავლესობას აქვს ახლო-ინფრაწითელი გამოსხივების პროპორციები, რომელთა დაფიქსირებაც შესაძლებელი უნდა იყოს.
დიდი ალბათობით, საქმე არც პულსართან გვაქვს: ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპთან, რომელიც რადიოტალღებს კოსმოსური შუქურასავით გამოყოფს. პულსარებს რეგულარული პერიოდულობა ახასიათებთ, ისიც საათობრივი. ASKAP J173608.2-32163 კი ასეთი ნამდვილად არ არის. ამას გარდა, სამი თვის განმავლობაში წყარო სრულიად „დუმდა“, რაც ასევე ძლიერ შეუსაბამოა პულსარისთვის.
ასევე გამოირიცხა რენტგენული ბინარები, გამა-გამოსხივების ამოფრქვევები და სუპერნოვას აფეთქებებიც.
თუმცა, ამ ობიექტს რაღაც საერთო თვისებები აქვს იმ იდუმალ სიგნალთან, რომელიც გალაქტიკის ცენტრის მახლობლად შენიშნეს. მათ გალაქტიკის ცენტრის რადიო გარდამავლებს (GCRT) უწოდებენ; სამი ასეთი სიგნალი 2000-იან წლებში გამოავლინეს, კიდევ უფრო მეტი კი დადასტურების მოლოდინშია.
ჯერ არც მათი წყაროა ცნობილი, მაგრამ რამდენიმე მახასიათებელი ASKAP J173608.2-32163-თან საერთო აქვთ.
თუ ASKAP J173608.2-32163-იც GCRT სიგნალია, მისი აღმოჩენა შეიძლება კიდევ უფრო მეტი ასეთი წყაროს პოვნაში და მათი რაობის გარკვევაში დაგვეხმაროს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ASKAP J173608.2-321635 ჩვეულებრივი მეთოდებით არ ფიქსირდება და ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე კვირითაც გაუჩინარდეს, ჩვენ ხელთ არსებული მწირი ნიმუშები გვაფიქრებინებს, რომ ასეთი წყაროები სხვებიც უნდა არსებობდეს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.