ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს დააფიქსირეს გიგანტური ობიექტი, რომელიც დროდადრო ბნელდება — #1tvმეცნიერება
ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს დააფიქსირეს გიგანტური ობიექტი, რომელიც დროდადრო ბნელდება — #1tvმეცნიერება

ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს რაღაც უცნაური ხდება.

დედამიწიდან დაახლოებით 25 000 სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა აღმოაჩინეს უცნაური ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე თვით თითქმის სრულიად გაქრა თვალთახედვიდან, შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა.

ასტრონომთა აზრით, ვარსკვლავი, სახელად VVV-WIT-08, შეიძლება მიეკუთვნებოდეს ვარსკვლავთა ახალ კლასს, მზეზე 100-ჯერ დიდ მონსტრებს, რომლებსაც მათ გარშემო მოძრავი რაღაც გაურკვეველი ობიექტები ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ აბნელებს.

უჩვეულო ჩაბნელებებით ცნობილი ვარსკვლავები მუდმივად იყო მეცნიერთა თავსატეხი. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსი დიდწილად ცარიელია, ლოგიკურია, რომ მატერიის რაღაც ნაწილი ისე განლაგდეს, რომ ჩვენი გადმოსახედიდან მათი სინათლე დროდადრო ჩააბნელოს.

ძნელია ყოველთვის გაარკვიო, რა მატერიაა ეს. გიგანტური პლანეტა? კოსმოსური მტვერი? დამსხვრეული ობიექტის ნარჩენები? კოსმოსური დრაკონი?

VVV-WIT-08-ის შემთხვევაში, საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის უცნაური ჩაბნელებები სხვა ვარსკვლავებშიც არის შემჩნეული, არც ერთი არ არის ასე ღრმა. ასტრონომთა აზრით, დამნაშავე შეიძლება მის გარშემო გრძელ ორბიტაზე მოძრავი სხვა ვარსკვლავი ან პლანეტა იყოს, რომელსაც გარს აკრავს მტვრის გაუმჭვირვალე დისკო; როდესაც ის ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის ექცევა, მას სრულიად ფარავს.

„საოცარია, რომ დავაკვირდით ბნელ, დიდ და წაგრძელებულ ობიექტს, რომელმაც ჩვენსა და შორეულ ვარსკვლავს შორის გაიარა და ჩვენ მხოლოდ სპეკულირება შეგვიძლია მისი წარმომავლობის შესახებ“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ასტრონომი სერგეი კოპოსოვი.

გიგანტური დისკოს მქონე ორბიტული კომპანიონის მოდელი სულაც არ არის უპრეცედენტო. ამის ერთი კარგად ცნობილი მაგალითია მეეტლის ეფსილონი, სუპერგიგანტი ვარსკვლავი, რომელსაც 27 წელიწადში ერთხელ გარს უვლის დისკოს მქონე კომპანიონი; ამ დროს ის 730 დღის განმავლობაში იწვევს მის 50 პროცენტამდე ჩაბნელებას.

არის კიდევ სისტემა TYC 2505-672-1, წითელი გიგანტი ვარსკვლავი მტვრიანი კომპანიონით 69-წლიან ორბიტაზე, რომელიც ამ ვარსკვლავს 3,5-წლიანი პერიოდით აბნელებს.

კვლევის ფარგლებში, VVV-WIT-08-სთან ერთად გამოვლინდა ასეთივე ქცევის რამდენიმე სხვა კანდიდატიც. ვინაიდან ამ ვარსკვლავთა მონაცემები არც ისეთი სრულია, როგორიც VVV-WIT-08-ის შემთხვევაში, ისინი ჯერ აღწერილი არ არის.

დადგინდა, რომ ამ ვარსკვლავის ასეთი გამორჩეულობა რაიმე შეცდომა არ არის. ჩაბნელება დაადასტურა ჩილეში მდებარე ვარშავის ტელესკოპმაც. ანუ, საქმე რაიმე ხარვეზთან არ გვაქვს.

როგორც მონაცემები აჩვენებს, ჩაბნელება დაახლოებით 200 დღეს გაგრძელდა; თითქმის სიმეტრიული გამრუდებით, ვარსკვლავის ნათება 97 პროცენტამდე ჩაბნელდა. კოსმოსის ამ რეგიონში ობიექტთა სიმკვრივე ისეთი ნამდვილად არ არის, რომ რომელიმე ორი ობიექტის რაიმე შემთხვევით განლაგებასთან გვქონდეს საქმე; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს ორი ობიექტი ერთმანეთთან გრავიტაციით არის მიბმული.

უცნობია ორბიტული პერიოდი, მაგრამ მათემატიკური მოდელირების მიხედვით, ის სულ მცირე რამდენიმე ათწლეულს უნდა გრძელდებოდეს.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ ასეთი სისტემები იშვიათი არ უნდა იყოს.

„ეჭვგარეშეა, რომ კიდევ ბევრ ასეთ ობიექტს ვიპოვით, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა იმის გარკვევაა, რას წარმოადგენს მათი დამალული კომპანიონები, რატომ აქვთ მათ გარშემო დისკოები, როდესაც გიგანტური ვარსკვლავის გარშემო ასე შორ მანძილზე მოძრაობენ“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომი ლი სმიტი.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.