ჩვენი გალაქტიკიდან მომდინარე ერთი იდუმალი სიგნალი შეიძლება ერთ-ერთ უიშვიათეს ობიექტს ეკუთვნოდეს — #1tvმეცნიერება
ჩვენი გალაქტიკიდან მომდინარე ერთი იდუმალი სიგნალი შეიძლება ერთ-ერთ უიშვიათეს ობიექტს ეკუთვნოდეს — #1tvმეცნიერება

იდუმალი, განმეორებადი რადიოსიგნალი ირმის ნახტომში, რომელმაც ასტრონომები საგონებელში ჩააგდო,შეიძლება იმდენად იშვიათ ობიექტს ეკუთვნოდეს, რომ ამ დრომდე მხოლოდ ერთი იყოს გამოვლენილი, ისიც სავარაუდოდ.

სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს ჯონათან კეტცის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჯერ რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზეა ატვირთული, სიგნალი სახელად GLEAM-X J162759.5−523504.3 შეიძლება წარმოადგენდეს თეთრ ჯუჯა რადიოპულსარს.

„პულსარების ასტრონომიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული არსებობს სპეკულაცია, რომ მბრუნავი, მაგნიტური თეთრი ჯუჯა შეიძლება პულსარის მსგავს აქტივობას ავლენდეს“, — წერს კეტცი.

მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი რადიოგარდამავალი GLEAM-X J162759.5−523504.3 პირველი ნამდვილი თეთრი ჯუჯა პულსარის კანდიდატია. აქვს 18,18-წუთიანი პერიოდი და მისი პულსები დაბალ სიხშირეშია (72–215 MHz), გამოსხივების ტემპერატურა კი ∼ 1016 K, რაც თანმიმდევრულ გამოსხივებას გულისხმობს. არ ჰყავს ბინარული კომპანიონი, რომელთანაც იურთიერთქმედებდა. შესაბამისად, აკმაყოფილებს კლასიკური პულსარის კრიტერიუმებს, მაგრამ მისი პერიოდი ასობით უფრო გრძელია.

როდესაც ვარსკვლავი კვდება, თან ახლავს მთელი რიგი შედეგები; მას შემდეგ, რაც მატერიის გარე ნაწილს მოიშორებს და ბირთვიღა რჩება, აღარ გაჩნია სინთეზის გარეთ მიმართული წნევა და საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება.

თუ ვარსკვლავი ჩვენს მზეზე დაახლოებით 30-ჯერ მასიურია, ბირთვი შავ ხვრელად კოლაფსირდება.

8-დან 30-მდე მზის მასის მქონე ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ კი ნეიტრონული ვარსკვლავი რჩება, რომლის სიგანეც დაახლოებით 20 კილომეტრია და აქვს დაახლოებით 1,4 მზის მასა.

8 მზის მასაზე ნაკლები მასის ვარსკვლავი თეთრ ჯუჯად კოლაფსირდება, რომელშიც თავს იყრის, 1,5 მზის მასამდე, ობიექტის კი სულ რაღაც დედამიწის ზომისაა.

პულსარები ნეიტრონულ ვარსკვლავთა ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა. ისინი წარმოუდგენლად სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია, რომლებიც ისეთი კუთხით არიან, რომ ყოველი ბრუნვისას მაგნიტური პოლუსებიდან დედამიწისკენ კაშკაშა რადიოტალღების ჭავლებს ისვრიან; ერთი შემობრუნება კი სულ რაღაც მილიწამების ამბავია.

მეცნიერებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა, ასეთივე ქცევა თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავებმაც გამოავლინონ; 2016 წელს ისინი ამ კითხვაზე პასუხს მიუახლოვდნენ, ეს გახლდათ ვარსკვლავი, სახელად AR ღრიანკალი. ის ბინარული (ორმაგი) სისტემაა, რომელშიც შედის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის და თავად AR ღრიანკალი წუთების შუალედით ასხივებს.

თუმცა, როგორც კეტცი შენიშნავს, მისი ბინარული სისტემა უფრო მჭიდროა, ვიდრე ნეიტრონული ვარსკვლავი პულსარებისა ასეთ სისტემებში, პერიოდულ სიგნალებს კი თანმიმდევრულობა აკლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიგნალის წარმომქმნელი ფიზიკური პროცესები შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს ტრადიციული რადიოპულსარებისგან.

ამიტომ, მკვლევრები კვლავ GLEAM-X J162759.5−523504.3-ს დაუბრუნდნენ, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 4000 სინათლის წლით არის დაშორებული. 2018 წლის იანვრიდან მარტამდე, ავსტრალიის ერთ-ერთ უდაბნოში განთავსებული ტელესკოპის, Murchison Widefield Array-ს მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ის ის კაშკაშად პულსირებს დაახლოებით ყოველ 30-60 წამში და ყოველ 18,18 წუთში, რის გამოც, ის დაბალი სიხშირის რადიო ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია.

მისი ასეთი პროფილი ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ასტრონომიული ობიექტისას არ ემთხვევა, მაგრამ მისი აღმომჩენი ჯგუფი ფიქრობდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ჰიპოთეტური ობიექტი, რომელსაც ულტრაგრძელპერიოდიან მაგნეტარს უწოდებენ. ეს გახლავთ ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოუდგენლად მძლავრი მაგნიტური ველით. თუმცა, ასეთი ახსნა ამ ობიექტს მაინც კარგად არ ეთავსება.

„არავინ ვარაუდობდა ასეთი ობიექტის პირდაპირ დაფიქსირებას, რადგან მათი ასეთი სიკაშკაშე მოსალოდნელი არ იყო. ის როგორღაც გარდაქმნის მაგნიტურ ენერგიას რადიოტალღებად, თანაც გაცილებით ეფექტურად მათ შორის, რაც კი აქამდე გვინახავს“, — ამბობს კურტინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ნატაშა ჰარლი-უოლკერი.

ერთ-ერთ შესაძლებლობად პულსარი მიიჩნეოდა, მაგრამ არის ორი ძირითადი პრობლემა: პირველია ბრუნვის გრძელი პერიოდი, მეორე კი ის, რომ პულსები ზედმეტად კაშკაშა იყო ნეიტრონული ვარსკვლავი პულსარის კვალობაზე. კეტცი შენიშნავს, რომ ორივე ეს პრობლემა გადაიჭრება, თუ ეს ობიექტი თეთრი ჯუჯაა.

თუ მართლაც ასეა, ის ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი პირველი თეთრი ჯუჯა იქნება, რომელსაც ტრადიციულ რადიოპულსართა ფიზიკა და რადიაციული მექანიზმი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ GLEAM-X J162759.5−523504.3 შეიძლება იმედისმომცემი სამიზნე იყოს ოპტიკური დაკვირვებებისთვის; თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თეთრი ჯუჯები ძალიან მკრთალი ობიექტებია და შეიძლება, ასე შორ მანძილზე რაიმე სახის ხილული სინათლე ვერ დავაფიქსიროთ. თუმცა, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ცდად ნამდვილად ღირს.

ამავე დროს, ასტრონომებმა შეიძლება სხვა თეთრი ჯუჯებიც შეისწავლონ, რათა დაადგინონ, ემთხვევა თუ არა მათი რაიმე თვისება GLEAM-X J162759.5−523504.3-ისას.

„ის რომ საკმარისად კაშკაშა იყოს, ოპტიკური დაკვირვებებით შეიძლება განსაზღვრულიყო მისი მაგნიტური ველი, სპექტროსკოპიურად ან პოლარიმეტრულად. სწრაფად მბრუნავი, ძლიერ მაგნეტიზებული თეთრი ჯუჯები იმედისმომცემი სამიზნეა დაბალი სიხშირის რადიოდაკვირვებებისთვის, რათა დადგინდეს, არის თუ არა რომელიმე მათგანი თეთრი ჯუჯა პულსარი“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს ჯონათან კეტცი.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.