ჭუბერში, „სალინი იმპრეჯილოს“ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის გამო ერთი პირი დააკავეს
ჭუბერში, „სალინი იმპრეჯილოს“ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის გამო ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ჭუბერში ერთი პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“  ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული მ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ან სხვა ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

„სალინი იმპრეჯილო“ ჭუბერში ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.