ხაიშში ჭუბერისა და ხაიშის თემის მოსახლეობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ისინი საკუთარ პრობლემებზე ისაუბრებენ და მათი გადაჭრისთვის ხედვებს ჩამოაყალიბებენ, რომელსაც მოგვიანებით სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებს გააცნობენ.
მოსახლეობამ შეხვედრის ჩატარება 26 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჭუბერსა და ხაიშის თემში რამდენიმე ხის საამქრო დალუქა. ხაიშში სპეცრაზმის გამოჩენას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოსახლეობამ გზა გახსნა.
როგორც 26 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, 10 დღის ვადაში სამთავრობო გუნდი ხაიშში კონკრეტული წინადადებით ჩავა.
ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებისა და ალტერნატიული საარსებო წყაროს შესახებ შეთავაზებას ელოდება.