სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლოკალიზებულია
სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლოკალიზებულია

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთის ორ ფერდზე, არსებული ოთხი სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა სამის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.

მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ ოთხი ვერტმფრენია ჩართული.

მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.