სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 10 დღის ვადაში სამთავრობო გუნდი ხაიშში კონკრეტული წინადადებით ჩავა
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 10 დღის ვადაში სამთავრობო გუნდი ხაიშში კონკრეტული წინადადებით ჩავა

7-10 დღის ვადაში ჩამოვა აქ სამთავრობო გუნდი გარკვეული წინადადებებით, რა გავაკეთოთ ამ ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი ჩავანაცვლოთ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ ხდება, ხოლო სადაც კანონიერია, როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა თუ დამუშავება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც, სოზარ სუბარის გარდა, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ესწრებოდნენ, მოსახლეობამ გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის თქმით, ის რჩება ხაიშში და ხვალაც გამართავს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან.

„შეთანხმება არის ასეთი – გზა გაიხსნა, მანქანები დაიძრნენ სპეცრაზმიც თავისთავად გავიდა. ზუსტად ეს პირობა დავდე მოსახლეობასთან – 7-10 დღის ვადაში ჩამოვა აქ სამთავრობო გუნდი გარკვეული წინადადებებით, რა გავაკეთოთ ამ ქვედა ზონის სოფლებში, რა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი ჩავანაცვლოთ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ ხდება, ხოლო სადაც კანონიერია, როგორ უნდა მოხდეს ლიცენზიების გაცემა თუ დამუშავება, რათა გავაჩინოთ დასაქმების ალტერნატიული წყაროები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა პარალელი ტყიბულთან გაავლო. მისი თქმით, საბედნიეროდ, სვანეთში ტყიბულის მსგავსი ტრაგედია არ მომხდარა, თუმცა მოსახლეობის პრობლემები ერთმანეთს ჰგავს.

„როგორც იქ არის შახტი, ქვანახშირის მოპოვება ერთადერთი შემოსავალი ტყიბულელების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ისე არის ამ ადამიანებისთვის ეს ერთადერთი შემოსავალი და უნდა შევთავაზოთ ან ალტერნატიული სამუშაოები ან რაღაცნაირად კანონიერ ფარგლებში მოვაქციოთ ის საქმიანობა, რასაც ესენი ეწევიან. ეს არის წინადადებები, რომლითაც ჩამოვალთ“, – აღნიშნა სუბარმა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი განმარტეს, რომ უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.