სოფელ იდლიანის მოსახლეობის აქცია დასრულდა
სოფელ იდლიანის მოსახლეობის აქცია დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანის მოსახლეობის აქცია დასრულდა.

ხაიშში აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდნენ. დეპუტატი მოსახლეობას მათი მოთხოვნებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემას დაპირდა.

ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას იდლიანის მოსახლეობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც კონკრეტული პასუხი ექნება, ადგილობრივებს კვლავ შეხვდება.

მოთხოვნები აქციის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესა და მესტიის მერსაც გააცნეს.

ხაიშის თემის სოფელ იდლიანის მოსახლეობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰქონდა გზა გადაკეტილი ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ავტომაგისტრალის ხაიშის მონაკვეთზე.  აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენას და სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციებს განაახლებენ.