ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მუქარა და ბრძოლა გეოპოლიტიკური გავლენებისთვის
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მუქარა და ბრძოლა გეოპოლიტიკური გავლენებისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აზიურ ტურნეში აშშ-ის პრეზიდენტმა ფხენიანთან დაძაბულობა არართხელ ახსენა და, სამხედრო ფლოტით ძალის დემონსტრირების პარალელურად, ჩრდილო კორეას დიალოგიც შესთავაზა.

დიალოგის შეთავაზებას ოფიციალური ფხენიანი აგრესიული განცხადებებით პასუხობს და იმუქრება, რომ ბირთვული ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს.

 

რა შეიარაღებას ფლობს ჩრდილოეთ კორეა

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ფხენიანი 20-მდე ბირთვულ იარაღს ფლობს, თუმცა აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებით, ჩრდილო კორეის არსენალში 60-მდე ბირთვული იარაღია. პენტაგონში ადასტურებენ, რომ ფხენიანის საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს 5 ათას კილომეტრზე მეტი ფრენის პოტენციალი აქვს.

ჩრდილო კორეამ ბოლო ბალისტიკური გამოცდა რაკეტა „ჰვასონ 14“-ით განახორციელა. რაკეტას კონსტრუქცია შეეცვალა. ექსპერტების შეფასებით, მეორე ეტაპის ცვლილებება რაკეტას 30-წამიანი წვის ციკლს უმატებს, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენის შესაძლებლობას აჩენს და საკონტინეტთაშორისო მოქმედება ხელმისაწვდომი ხდება. ამ შესაძლებლობით ჩრდილო კორეას უკვე შეუძლია, რომ „ჰვასონ 14“-ით იერიში ალასკაზე მიიტანოს. აშშ-ში ამბობენ, რომ ჩრდილო კორეა რაკეტებით ამერიკის მატერიკს საფრთხეს მომავალ წელს შეუქმნის.

ამ დრომდე სადავო საკითხია, შეუძლია თუ არა ფხენიანის რაკეტებს ატმოსფეროში გადარჩენა და შორ მანძილზე რეალური მოქმედება. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილო კორეამ უკვე შეიმუშავა ბირთვული ქობინის ზომების შემცირების ტექნოლოგია, რათა ბალისტიკურ რაკეტებზე უფრო მეტი სიზუსტით მოხდეს მათი დამაგრება და შორ მანძილზე გადატანა.

 

ჩრდილოეთ კორეის ინტერესები

შეიძლება ითქვას, რომ ფხენიანი აგრესიული მოქმედებით აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის რეგიონში არსებული ძლიერი პოზიციების განეიტრალებას ცდილობს. ჩრდილოეთ კორეა მთავარ ამოცანად საკუთარ არსენალში ისეთი ბალისტიკური რაკეტის არსებობას ასახელებს, რომელსაც აშშ-ის მატერიკზე ექნება წვდომა. ამ მიმართულებით ფხენიანს ბოლომდე დასახვეწი აქვს ბირთვული ქობინის ბალისტიკურ რაკეტაზე მიმაგრების ტექნოლოგია, რაზეც კიმ ჩენ ინის რეჟიმი აქტიურად მუშაობს. ამგვარი ნაბიჯით ფხენიანი ერთგვარი დაცულობის გარანტიას იქმნის.

აღნიშნული ფაქტების წინაპირობად შეიძლება დასახელდეს ის ფაქტორი, რომ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სისტემა არადემოკრატიულია და ერთი ადამიანის მკაცრ რეჟიმზეა აგებული. აგრესიული მოქმედებით კიმ ჩენ ინი ცდილობს, რომ არსებული სახელმწიფო სისტემის ჩამოშლის პრევენცია მოახდინოს და საფრთხეები გაანეიტრალოს.

ჩრდილოეთ კორეის სუსტი ინდუსტრიისა და სამეცნიერო-ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ მოკლე დროში „ჰვასონ 14“-ის მსგავსი რაკეტების შექმნა დამოუკიდებლად შეძლო. საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სულ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ფხენიანის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში მონაწილეობას რამდენიმე უცხო სახელმწიფოც იღებს.

დღესდღეობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების გარდა, არავინ იცის თუ როგორი სიზუსტით მოქმედებს მათი ბალისტიკური რაკეტები. აქცენტი კეთდებოდა ქვეყნის შეირაღებაში მყოფ საბჭოთადროინდელ დამიზნების სისტემაზე, თუმცა კიმ ჩენ ინის რეჟიმს გამოქცეული ადამიანები ამბობენ, რომ ჩინური ნავიგაციის სისტემის მსგავსად, ჩრდილოეტ კორეა უკვე GPS-ის სისტემას იყენებს.

ჩინეთთან აქტიურ კონტაქებზე საუბრისას, აღსანიშნავია ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 14“-ის ბირთვული ქობინის დიზაინი და ბალისტიკური რაკეტების გადამტანი ტრანსპორტი, რომელიც რაკეტის საბრძოლო მოქმედებაში მომართვასა და გაშვებას უზრუნველყოფს.

ბირთვული ქობინების ფორმაზე საუბრისას, სამხედრო ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ პაკისტანის შეიარაღებაში არსებული ქობინების ანალოგიაზე. პაკისტანისა და ჩინეთის მოკავშირეობა და პარტნიორობა კი დაფარული ისედაც არ არის.

 

თანამშრომლობის ღერძი – ჩინეთი-პაკისტანი-ჩრდილოეთ კორეა 

ჩინეთის მიერ ფხენიანის დახმარებას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: გადაიტანოს მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებიდან, სადაც პეკინს ხშირად აგრესიულ მოქმედებაში ადანაშაულებენ.

ასევე, ჩინეთმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი გამოიყენოს როგორც ბერკეტი აშშ-ისა და მის რეგიონულ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დროს. კიმ ჩენ ინის რეჟიმის დახმარებით, ჩინეთი რეგიონში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.

ბევრს საუბრობენ, რომ რუსეთი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეას რაკეტებს აძლევს და, სავარაუდოდ, მის მოდიფიკაციაშიც ეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ ფხენიანი რუსული რაკეტების ერთგვარ კოპირებას ახდენს.

რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფინანსური დაინტერესება, მაგრამ არსებული ვითარების ფონზე მოსკოვის რეალური ინტერესი, უფრო მეტად, რეგიონში აშშ-ის გავლენის შეზღუდვაა.

აშშ-ში სულ უფრო ხშირად ისმის ირანის მიმართ ბრალდებები, რომ თეირანი ფხენიანს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ ამერიკული წყაროების ინფორმაციით, სარაკეტო სისტემების სფეროში თეირანისა და ფხენიანის კავშირები ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული და ტექნოლოგიური მხარდაჭრა ირანს ჩრდილოეთ კორეისგანაც აქვს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ფხენიანში ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ირანელი მეცნიერებიც ესწრებოდნენ.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და თანამშრომლობის დამადასტურებელი რეალური ფაქტი არ ჩანს, თუმცა სამხედრო-ტექნოლოგიური კავშირების ტრადიცია არსებობს და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, ირანის მიერ გაშვებული რაკეტების უმრავლესობა ჩრდილო-კორეული წარმოების იყო.

ბრძოლა გეოპოლიტიკური გავლენებისთვის

საერთაშორისო გავლენის გაძლიერებისთვის ბრძოლამ აჩვენა, რომ რეგიონში აშშ-ის გავლენის გაძლიერებას აღმოსავლეთის ქვეყნების ერთგვარი ბლოკი ეწინააღდეგება. აშშ ცდილობს ჩინეთის შეკავებას და ამისთვის დაძაბულობაა საჭირო. დაპირისპირებაში ჩანს ანტაგონისტური ძალების ერთგვარი განლაგება ერთი მხრივ სამხრეთ კორეა – იაპონია – აშშ და მეორე მხრივ, ჩრდილო კორეა – ჩინეთი – რუსეთი – ირანი. ამგვარი განაწილება ცხადყოფს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე და მთლიანად რეგიონში გეოპოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და რეგიონის კონფლიქტი მხოლოდ ამ ბრძოლის ერთგვარი პლატფორმაა. კორეის კრიზისი გლობალურ კონტექსტში უნდა იქნას აღქმული.

დაძაბულობის მიუხედავად, არსებული სტატუს-კვოს დარღვევა, დიდი ალბათობით, არც ერთ მხარეს არ აწყობს, რადგან ვითარების მკვეთრ გაუარესებას რეგიონში, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმა გრძელვადიან კონფლიქტს გამოიწვევს, რომელშიც, დიდი ალბათობით, ჩართული იქნებიან რუსეთი და ჩინეთი.

აღსანიშნავია ფხენიანის შესაძლო თავდასხმები აშშ-ის მოკავშირეებზე. ყველაფერი ეს კი მსხვერპლს, ლტოლვილების ნაკადსა და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ამგვარი სცენარის სამართავად, სავარაუდოდ, არც ერთი ქვეყანა მზად არ არის.

დატოვე კომენტარი