სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჰქონდათ სხვა პოლიტიკურ წრეებთან შესაბამისი ურთიერთობა და შემდგომ საელჩომ გააკეთა კონკრეტული განცხადება, სადაც საკუთარი გზავნილები ცალსახად და მკაფიოდ იყო ასახული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„აქ საუბარი იყო სამართლიან დამოკიდებულებაზე და ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გაღმავებაზე. ქართული მხარე არის აბსოლუტურად გულღია და ჩვენ ჩვენი ერთგულება იმ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც ჩვენსა და აშშ-ს შორის არსებობდა, არაერთგზის გვაქვს დამტკიცებული საკუთარი სიცოცხლით, იმ სიცოცხლით, რომელიც ქართველმა სამხედროებმა, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა დადეს მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან გვერდიგვერდ ბრძოლის დროს, სადაც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ან საერთოდ არ იყვნენ, ან იმალებოდნენ შტაბებში და არ იყვნენ წინა ხაზზე.
საქართველოსთან ურთიერთობა რამაც გააფუჭა, იყო უსამართლო დამოკიდებულება და ამის შეცვლა, სამართლიანი დამოკიდებულება აბსოლუტურად გამოაკეთებს ამ ურთიერთობას. ჩვენ ამ მხრივ არაფერი და არანაირი ტრაექტორია არ გვაქვს შესაცვლელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები განახლდეს და დაიწყოს ახალი ნიშნულიდან.
„ამ დელეგაციების შეხვედრები ძალიან მაღალ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან, თუნდაც რაღაც არაფორმალურ მოცემულობაში, ის მილოცვები და გზავნილები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა იღებს პირადად ტრამპისგან, არის მანიშნებელი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ხდება ნოყიერი ნიადაგის მოძიება და ეს ორმხრივი ურთიერთობაა. ბუნებრივია, ქართული მხარე და შეერთებული შტატები ცალ-ცალ კარში თამაშს ვერ დაიწყებენ, აქ არის ორმხრივი ურთიერთობა და აქ არის ქართული მხარის სრული მზაობა სამართლიანი, ობიექტური ურთიერთობის ჭრილში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. სტრატეგიული პარტნიორობა ფიქტიურად არსებობდა ქაღალდზე, ჩვენ არც თავისუფალი ვაჭრობა გვქონდა შეერთებული შტატებთან, არც თავისუფალი ფრენები და 2008 წლის კატასტროფის მერე, სააკაშვილმა რომ ეს ქვეყანა ჩააგდო, ის იყო თითქოს ბონუსად ჩვენი ქვეყნისთვის მოცემული, რომელიც, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტს არ ნიშნავდა, ვიდრე ეს იყო ქაღალდზე დაწერილი. დღეს ჩვენ გვინდა რეალური, ურთიერთსასარგებლო, ორი ერისთვის, ორი სახელმწიფოსთვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ახსნის მარკო რუბიოს პასუხს ჯო უილსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ჩამოთვლილ საკითხებზე, რომ ეს მათთვისაც არის შეშფოთების საგანი, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ერთი პარტიის წევრებს შორის კითხვა-პასუხის ფორმატი და იყო ჯო უილსონის დაკვეთილი ფანტაზიებით გაჯერებული კითხვა და უილსონის წიაღსვლები რაღაც პროირანულ და პროჩინურ თემასთან დაკავშირებით, რაც უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის.
„ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანდებოდა ჩინეთში, ამ ორი უდიდესი ქვეყნის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკისთვის. ევროპის ლიდერები როცა სი ძინპინის კართან რიგში დგანან, ვის პირველს მიიღებს, საქართველოსთან არსებული ურთიერთობა არავის არც გაჰკვირვებია და არც გაუკვირდებათ, ეს რომ მართლაც არ იყოს შეგნებულად დაკვეთილი და დაფინანსებული სურვილები, ცალკეული ძალების პირით გააჟღერონ ის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი პროირანული და არანაირი რაღაც გამორჩეული პროჩინური პოლიტიკა და ორიენტაცია საქართველოს არ აქვს? ყოველდღე გამოვდივართ, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით დასრულებული და ვამბობთ, რომ შეერთებულ შტატებთან ვართ სრულიად ღია, მზად ურთიერთობების თავიდან, ახალი ფურცლიდან დასაწყებად და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ყველაფერში საქართველო გვერდიდან თან პროირანულ პოლიტიკას ავლენს, ეს ხომ ღიმილის მომგვრელია? ამიტომ, პასუხიც იყო მეტ-ნაკლებად დიპლომატიური. თან, აქ პოლიტიკის ტრაექტორის ცვლილებაზე არც იყო საუბარი, აქ საუბარი იყო ურთიერთობის ტრაექტორის ცვლილებაზე და ურთიერთობის ტრაექტორია რომ გაფუჭდა, ეს არც ჩემთვის, არც თქვენთვის, არც რუბიოსთვის და არც არავისთვის არ არის დასამალი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებას ახსოვს წინა ადმინისტრაციის დროს ყოვლად უსამართლო თავდასხმები ჩვენი ქვეყნის მიმართ, როცა უკრაინაში ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, უზარმაზარი გამოწვევების წინაშე იდგა თვითონ შეერთებული შტატები და დანარჩენი მსოფლიო.
„დღე არ გავიდოდა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია საქართველოს თემით არ დაწყებულიყო, შესაბამისი კითხვით, რომელიც ჟურნალისტისგან მიდიოდა და საერთოდ რა შუაში იყო იქ საქართველო? იმიტომ იყო, რომ საქართველოს მიმართ იყო ინტერესი, ამიტომაც იყო ურთიერთობების გაფუჭება შეგნებულად. დღეს ეს მოცემულობა არ გვაქვს. ჩვენ დღეს ტრაპის ადმინისტრაციისგან სხვა დამოკიდებულებას, სხვა გზავნილებს ვხედავთ, აქ პრაგმატულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ურთიერთობაზეა საუბარი, სადაც საქართველო არის აბსოლუტურად მზად, ხელი გაუწოდოს და გაწვდილიც არის ეს ხელი. ასე რომ, ჩვენ აქ რაღაც პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება ნამდვილად არ გვიდგას დღის წესრიგში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
