გრიგოლ გეგელია - ზოგიერთ ჩემს კოლეგას ჰგონია, რომ რუბიოს დღევანდელი განცხადება სიურპრიზის შემცველია, ჩემთვის აშშ-ის ტრადიციული ნარატივის გაგრძელებაა, ის დაინტერესებულია საქართველოს საკითხით
გრიგოლ გეგელია - ზოგიერთ ჩემს კოლეგას ჰგონია, რომ რუბიოს დღევანდელი განცხადება სიურპრიზის შემცველია, ჩემთვის აშშ-ის ტრადიციული ნარატივის გაგრძელებაა, ის დაინტერესებულია საქართველოს საკითხით

მივესალმები, რომ მიუხედავად „ქოცური“ რეჟიმის საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკისა, აშშ დაინტერესებულია საქართველოს საკითხით, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამერიკისთვის ჩვენ ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მიუხედავად „ქოცების“ აქტიური ძალისხმევისა, რომ ჩვენ მოვხვედრილიყავით სრულ იზოლაციაში და გადავქცეულიყავით რაღაც ანკლავად, რომელიც არავის აინტერესებს, ჩამორჩენილია საგარეო პოლიტიკურ დინამიკას, ჩამორჩენილია სამხრეთ კავკასიის დინამიკას, ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად, ამერიკაში ჩვენ ვაინტერესებთ და ამერიკა არის ჩართული. „ქოცური“ პარანოიდული ისტერია, რომ ტრამპი არის იზოლაციონისტი, ტრამპი არ დაინტერესდება, ჩვენ რასაც გვინდა, გავაკეთებთ და ტრამპი არ მოგვხედავს, არ დადასტურდა. პირიქით, ტრამპი ჩაერთო, არის აქტიურად ჩართული და ჩვენ ვნახეთ, რომ ის არის ყველაზე აქტიურად ჩართული სამხრეთ კავკასიის ნაწილში. არც ერთი პრეზიდენტი არ ჩართულა ამ მასშტაბით სამხრეთ კავკასიის დინამიკაში, არც ერთი პრეზიდენტის სახელობის გზა არ არსებობს ტრანზიტული თვალსაზრისით, როგორც არის „ტრამპის გზა“, მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა და ამის გაგრძელებად ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან პირდაპირ, ქმედით ინტერესს საქართველოსადმი. ჩვენ ვნახეთ უკვე სამი ვიზიტი, აქედან ორს მე შევხვდი პირადად, მქონდა ამის პატივი“, – განაცხადა გეგელიამ.

ამ განცხადებით გრიგოლ გეგელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ გაიგო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრების შემდეგ მათი შემაჯამებელი პოზიცია და როგორ იკითხება „ლელოსთვის“ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების გზავნილი.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს გახშირებული კომუნიკაცია და ვიზიტები ურთიერთობის გადატვირთვის გამოხატულება, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ პოზიტიური სურვილი, ურთიერთობები უფრო ნორმალური, უფრო კარგი იყოს, დააფიქსირა, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, რაც მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

„მგონი, ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ რაღაც სიურპრიზის შემცველია რუბიოს დღევანდელი განცხადება, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა ეს სიურპრიზის შემცველი და რაღაც შოკის საგანი. პირიქით, ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული ნარატივისა, რაც ამერიკას აქვს საქართველოსთან მიმართებით. უკვე ხუთჯერ, სამჯერ სახდეპმა და ორჯერ საელჩომ, ანუ სახდეპის წარმომადგენელმა ადგილზე თქვა ძალიან მკაფიოდ ის, რას დღეს თქვა სახელმწიფო მდივანმა, ბატონმა რუბიომ. პირველი – „ქართული ოცნების“ რეჟიმს ძალიან მკაფიოდ გადაეცა, რა უნდა გაკეთდეს. მე ამაზე ვსაუბრობ ზუსტად ორი თვეა, ჩემთვის იყო ცნობილი ეს ამბავი, ახლაც არის ცნობილი. პირველი, ეს არის ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება, ეს არის „შუა დერეფნის“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხი, ეს არის ირანზე პოლიტიკის გასწორება, ანძებს რომ ანთებენ ხოლმე ირანის მკვლელი რეჟიმის დროშის ფერებში. ეს დროშა დღეს სამწუხაროდ, გამოხატავს ამ მკვლელი რეჟიმის სახეს მას მერე, რაც ირანის რეჟიმმა ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრა ან დახოცა, ამ ხელისუფლებამ, ამ რეჟიმმა კი ირანის დროშის ფერებში აანთო ანძა თბილისის თავზე და შაჰ აბასის სახელობის წვეულებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. ამ დონის არაადეკვატური ხალხია. ეს არის ამავე დროს, ანტიამერიკული რიტორიკის შემცირება, ცხადია და გაქრობა“, – განაცხადა გეგელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად გაჟღერდა და სად ნახა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიამერიკული რიტორიკა, რადგან ხელისუფლება მუდმივად საუბრობს მზადყოფნაზე ურთიერთობის ხელახლა დასაწყებად და ახალი ადმინისტრაცია არასდროს არ გაუკრიტიკებიათ, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ პარალელურად, მათი ჯიბის ფილოსოფოსი, კარის ტაკიმასხარა ზაზა შათირიშვილი ყოველ მეორე კვირაში გამოდის ანტიამერიკული განცხადებით.

წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ შათირიშვილი ხელისუფლება არ არის და სთხოვა, ოფიციალური პირების განცხადებები მოეყვანა, რაზეც გეგელიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფენომენის გათვალისწინებით ის ხელისუფლებაზე მეტია.

„როგორ ვისაუბრო ოფიციალურ განცხადებებზე, როცა ამ ქვეყანას მართავს არაოფიციალური პირი, ბიძინა ივანიშვილი? თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ის არის ძალიან გავლენიანი პიროვნება ამ ქვეყანაში და ასევე კარგად უნდა იცოდეთ, რომ შათირიშვილი არის მისი პარანოიდული თეორიების პირდაპირი გამომხატველი. ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა იყო მაგალითად, პრემიერ-მინისტრის და სპიკერის განცხადებებში, როდესაც ისინი რეგულარულად ამბობენ, რომ ტრამპი მარცხდება „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში. ამას ამბობენ მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ საქმე შეიძლება, არ წაუვიდეთ ისე, როგორც მათ სურთ, ანუ „ქოცურად““, – განაცხადა გეგელიამ.