ირაკლი კობახიძე – ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაც გაფუჭდა გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სცემდა პატივს და არც არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები.
„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რის საფუძველზეც შეიძლება, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. რაც კი გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის, შეიძლება, გასწორდეს, მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა ამერიკის წინა ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი. შესაბამისად, არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები“, – აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც საქართველო წინა ადმინისტრაციის მხრიდან ხედავდა.
„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამართლიანობაზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.