ჩრდილოეთ ირლანდიაში დაუდგენელმა პირებმა ექსკავატორის დახმარებით ბანკომატი მოიპარეს. „ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი ლონდონდერის საგრაფოში, ქალაქ დანგივენში მოხდა.
მომხდარი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ექსკავატორი შენობას, შემდეგ კი კედლიდან ბანკომატს ამტვრევს. ამის შემდეგ ნიღბიანმა მძარცველებმა ბანკომატი ავტომობილში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ძარცვა ოთხ წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ექსკავატორი ახლომდებარე მშენებლობიდან მოიპარეს.
ეს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ბანკომატების მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის მონაცემებით, ეს საზღვრის ორივე მხარეს 2019 წელს მომხდარი უკვე მერვე ინციდენტია.