ჩრდილოეთ ამერიკის რუკა, რომელიც ვიკინგების შექმნილად მიიჩნეოდა, ყალბი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
ვინლანდის რუკა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შექმნილ ამ კონტინენტის უძველეს გამოსახულებად მიიჩნეოდა, სრულად ყალბი აღმოჩნდა.
ასეთი გახლავთ იმ მკვლევართა ვერდიქტი, რომლებმაც რუკის მელანი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის 1920-იან წლებს ეკუთვნის. ანუ, რუკა სულაც არ არის მე-15 საუკუნის კარტოგრაფიული ნიმუში, როგორც მიიჩნეოდა და სინამდვილეში, ის სიყალბეა.
ვინლანდის რუკის ავთენტურობის შესახებ ეჭვები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამჯერად, მისი მელნის შემადგენლობა უახლესი ტექნოლოგიებით შეისწავლეს — რენტგენულო ფლუორესცენციული სპექტროსკოპით (XRF) და ელექტრონული მიკროსკოპიის ტექნოლოგია FE-SEM-ით.
„ვინლანდის რუკა ყალბია და ამ დასკვნის წინააღმდეგ საფუძვლიანი ეჭვი აღარ არსებობს. დანარჩენს ახალი ანალიზები გაარკვევს“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი რეიმონდ კლემენსი. რუკა ამჟამად სწორედ იელის უნივერსიტეტში ინახება.
ნახშირბადული დათარიღების მიხედვით, რუკის პერგამენტი 600 წლის არის, მაგრამ მელანი შეიცავს დიდი რაოდენობით ტიტანს და მცირე რაოდენობით ბარიუმს. ეს ელემენტები კი 1920-იან წლებში კომერციულად წარმოებად საღებავებში გვხვდებოდა.
მთელ რუკაზე აღმოჩნდა ანატაზი — ტიტანის დიოქსიდი, რომელიც ამავე პერიოდისაა. არსად გვხვდება ე. წ. რკინა-გალის მელანი, რომლითაც ძირითადად შუა საუკუნეების ხელნაწერებია შესრულებული; ამ მელანს ამზადებდნენ რკინის სულფატით, მუხის გალით (პათოლოგიური წარმონაქმნი მცენარეთა ორგანოებზე) და შემკვრელი ნივთიერებით.
გარდა ამისა, ვინლანდის რუკა მეცნიერებმა შეადარეს ნამდვილად მე-15 საუკუნის ხელნაწერებსაც, რომელთა მელანშიც გაცილებით ნაკლები ტიტანი და გაცილებით მეტი რკინა აღმოჩნდა.
რუკის უკანა მხარეს არის წარწერა, რომელიც მას შუა საუკუნეებში დაწერილ ენციკლოპედია Speculum Maius-ს უკავშირებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ენციკლოპედიას ეკუთვნის გაყალბებული პერგამენტი. როგორც ახალმა ანალიზებმა აჩვენა, თავდაპირველ ლათინურ წარწერებზე მარლიდან გადაწერილია ტიტანის მელნით, რაც მიზანმიმართული თაღლითობის ნიშანია.
„შეცვლილი წარწერა აშკარად იმის მცდელობაა, რომ ხალხი დაერწმუნებინა, თითქოს რუკა მართლაც Speculum Maius-ის პერიოდშია შექმნილი. ძლიერი მტკიცებულება გვაქვს, რომ ის ყალბია, მაგრამ არ ვიცით, ვინ გააყალბა ასე“, — ამბობს კლემენსი.
ვინლანდის რუკა მუზეუმში პირველად 1957 წელს მოხვდა შუა საუკუნეების მოკლე ტექსტთან ერთად და ასახავს ე. წ. ვინლანდა-ინსულას, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო ხაზის ნაწილს სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიისკენ. თავდაპირველად, ამ რუკამ გააძლიერა მოსაზრება, რომ ვიკინგებმა კონტინენტზე ქრისტეფორე კოლუმბამდე ბევრად ადრე მიაღწიეს და რუკაც შექმნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ნორვეგიული კოლონიზაცია ახლა დიდწილად მიღებული თეორიაა, ეს რუკა ამის მტკიცებულება არ გახლავთ, რაზეც მეტყველებს დოკუმენტის არაერთი ანალიზი და შედარებები სხვა ნამდვილ ისტორიულ დოკუმენტებთან.
მკვლევართა განცხადებით, ახალი ანალიზები ცხადყოფს, რამდენად შეუძლია დაგვეხმაროს უახლესი ტექნოლოგიები ისტორიულ დოკუმენტთან ნამდვილობის დადგენაში.
„ვინლანდის რუკის მსგავსმა ობიექტებმა ბევრი ინტელექტუალური რესურსი ტყუილად გახარჯა. აღარ გვსურს, რომ ასე გაგრძელდეს. ნამდვილად ბევრი მომაჯადოებელი რამ არის შესასწავლი, რომლებსაც მართლა შეუძლია რაღაც ახალი გვითხრას შუა საუკუნეების მსოფლიოში მიმდინარე კვლევებისა და მოგზაურობების შესახებ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი რეიმონდ კლემენსი.
მომზადებულია news.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.