ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა და ქალთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა და ქალთა შორის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
მამაკაცთა შორის ფინალში გასასვლელად მოქმედი ჩემპიონი, რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ იანიკ სინერს შეხვდება, რომელიც ტურნირზე მეოთხე ნომრადაა განთესილი.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დანიილ მედვედევის მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება. გერმანიის სახელით გამომსვლელმა ზვერევმა მეოთხედფინალში 2023 წლის უიმბლდონის გამარჯვებული, ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა.
ქალთა შორის ტიტულისთვის აგრძელებს ბრძოლას არინა საბალენკა, ის ნახევარფინალში კოკო გაუფს დაუპირისპირდება, რომელმაც საბალენკას გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში მოუგო.
რაც შეეხება მეორე წყვილს, ქინვენ ჟენგი ფინალში გამსვლელის ვინაობას უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიასთან მატჩში გაარკვევს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რადგან რეიტინგში 93-ე ადგილს იკავებდა და ძირითად ბადეში პირდაპირ მოსახვედრად ქულები არ ეყო.
ქალებს შორის ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრები ხვალ, 25 იანვარს გაიმართება, ხოლო მამაკაცთა შორის – 26 იანვარს.