ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში 56-ე საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის მომსახურების გარდა, მოსახლეობას ადგილზევე შეუძლია სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების სერვისებით სარგებლობაც.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც ქალაქების იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე, კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს.
ლესიჭინის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეექვსეა, რომელიც სამეგრელოში გაიხსნა. ის ლესიჭინესა და მის მიმდებარე შვიდ სოფელში (ქვედა ჩხოროწყუ, ახუთი, კირცხი, ხიბულა, ზანა, უშაფათი და ფოცხო) მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ლესიჭინეში სამი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
პირველ საგანმანათლებლო ღონისძიებას საზოგადოებრივმა ცენტრმა გახსნის დღესვე უმასპინძლა. გამოფენაზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-1921 წლების ამსახველი ისტორიული ფოტო და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ გამოფენას წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.
იუსტიციის მინისტრმა ლესიჭინის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.