სამეგრელოში ერთ-ერთი სპორტსკოლის ყოფილ პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
სამეგრელოს რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სასპორტო სკოლის ყოფილ პედაგოგს, 70 წლის მამაკაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი აცხადებს, თემაზე კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან სამსახური რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. ვერაფერს გეტყვით. პედაგოგმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე წინა კვირას დატოვა“, – განაცხადა სპორტსკოლის ხელმძღვანელმა.
პირველი არხის ინფორმაციით, გოგონას სამართადაცველებისთვის არ მიუმართავს.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას ითვალისწინებს.