ჩინეთმა მთვარის „ბნელ მხარეს“ კიდევ ერთი ხომალდი დასვა — #1tvმეცნიერება
14:18, 03.06.2024
ჩინეთის სტატიკური ხომალდი Chang’e-6 წარმატებით დაჯდა მთვარის „ბნელ მხარეს“. მისიის მიზანი ნიმუშების აღებაა, რაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია პეკინის კოსმოსურ პროგრამაში.
Chang’e-6 სამხრეთი პოლუსი-აიტკენის აუზში დაეშვა, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი დარტყმითი კრატერია მთელ მზის სისტემაში.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე ხომალდი ნიმუშებს მთვარის ამ მწირად შესწავლილ რეგიონში აიღებს.
Chang’e-6-ის კომპლექსური, 56-დღიანი მისია 3 მაისს დაიწყო.
ხომალდი ზედაპირიდან 200 კმ სიმაღლის ორბიტიდან დაეშვა. მკვლევართა განცხადებით, ასეთი დაბალი ორბიტა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად, საჭირო იყო კონტროლის ზუსტი პროცედურები.
ამის შემდეგ, საჭირო იყო, ზონდის სიჩქარე მთვარესთან მიმართებაში ნულამდე შემცირებულიყო ძალიან სწრაფად, 15 წუთში, რაც ძალიან დიდი ოდენობით საწვავს მოითხოვდა, ზონდის მთლიანი წონის თითქმის ნახევარს.
ახლა, როცა ზონდი უკვე მთვარეზეა, ის მთვარის გრუნტის ნიმუშებს აიღებს და იქვე შეასრულებს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს.
პროცესი ორ დღეში დასრულდება. ზონდი ნიმუშების შეგროვების ორ მეთოდს გამოიყენებს — გათხრას, რითაც ნიმუშებს მთვარის ზედაპირქვეშიდან აიღებს და რობოტული მკლავით ნიმუშების აღებას ზედაპირიდან.
ამის შემდეგ, ის მთვარის ზედაპირიდან უპრეცედენტო აფრენას შეეცდება.
მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ის მუდმივად დედამიწის საპირისპირო მხარესაა მოქცეული, ვერასოდეს ვხედავთ. მეცნიერთა განცხადებით, იქ კვლევებს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ეს მხარე უფრო ნაკლებად არის დაფარული ლავის უძველესი ნაკადებით, ვიდრე მთვარის მუდამ ჩვენკენ მოქცეული მხარე.
იქ აღებულმა ნიმუშებმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვითხრას იმის შესახებ, როგორ გაჩნდა მთვარე.
ჩინეთის კოსმოსური ამბიციები
ჩინეთის „კოსმოსური ოცნების“ ასრულების გეგმების განხორციელება პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობისას დაიწყეს.
გასულ ათწლეულში, პეკინმა უზარმაზარი რესურსები დახარჯა კოსმოსურ პროგრამაში, რითაც ცდილობს ამოავსოს ის ნაპრალი, ჩამორჩენა, რაც ამ მხრივ ორ ტრადიციულ მეტოქესთან — აშშ-სთან და რუსეთთან გაჩნდა.
ამ მხრივ ქვეყანამ რამდენიმე წარმატებასაც მიაღწია, მათ შორის, აშენებს კოსმოსურ სადგურს, სახელად „ტიანგონგს“.
პეკინს რობოტული ხომალდები დასული ჰყავს მარსზე და მთვარეზე. ამავე დროს, ჩინეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ადამიანები დამოუკიდებლად გაიყვანა ორბიტაზე.
თუმცა, ვაშინგტონი აღნიშნავს, რომ ჩინეთი კოსმოსურ პროგრამას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს და ცდილობს, კოსმოსში დომინანტობა მოიპოვოს.
2030 წლისთვის ჩინეთი მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის გაგზავნას და ბაზის აშენებას გეგმავს.
ამასობაში, ადამიანებს მთვარეზე აშშ დააბრუნებს 2026 წელს, მისია არტემის 3-ის ფარგლებში.