ჩინეთის სათვალთვალო ბურთი აშშ-ის თავზე — რა პრინციპით მუშაობდა და რა შეიძლება დაენახა რეალურად #1tvმეცნიერება
ჩინეთის სათვალთვალო ბურთი აშშ-ის თავზე — რა პრინციპით მუშაობდა და რა შეიძლება დაენახა რეალურად #1tvმეცნიერება

4 თებერვალს, სამხრეთ კაროლინას შტატის ნაპირთან, ოკეანეში, პენტაგონმა ჩამოაგდო უზარმაზარი საჰაერო ბურთი, რომელსაც აშშ-ის მტკიცებით, ჩინეთი სათვალთვალოდ იყენებდა. ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის ფლოტი ამჟამად ბურთის ნარჩენების ოკეანიდან ამოღებაზე მუშაობს.

აშშ-მა და კანადამ გაარკვიეს, რომ ბურთმა გადაკვეთა ალეუტის კუნძულები, გადაუფრინა დასავლეთ კანადას და შემდეგ, აიდაჰოს საჰაერო სივრცით აშშ-ში შევიდა.

2023 წლის 2 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 18 კმ სიმაღლეზე მოძრავ ბურთს ისინი აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე შესვლის შემდეგ უთვალთვალებდნენ; ბურთმა გადაუფრინა მონტანის შტატში მდებარე მალმსტორმის საჰაერო ძალების ბაზასაც, სადაც განთავსებულია 341-ე ბირთვული სარაკეტო განყოფილება, რომელიც ამუშავებს კონტინენტათშორის ბირთვულ ბალისტიკურ რაკეტებს.

მეორე დღეს, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ ბურთი მართლაც მათი იყო, მაგრამ უარყვეს, რომ მისი მიზანი თვალთვალი ან აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ბურთის შეჭრის გამო, მან პეკინში ვიზიტი გააუქმა. 5-6 თებერვალს მას შეხვედრა უნდა გაემართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განთან.

პენტაგონის ცნობით, მეორე, სავარაუდოდ ასევე ჩინური ბურთი შენიშნეს ლათინური ამერიკის თავზეც. 4 თებერვალს, ოფიციალურმა პირველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ჩინეთის სათვალთვალო ბურთები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შეიძლება მოქმედებდნენ და ისინი ჩინეთის სამხედრო თვალთვალის პროგრამის ნაწილია.

საჰაერო ბურთებით თვალთვალი სათავეს 1974 წლიდან იღებს, როდესაც ფლიორიუსის ბრძოლაში, ფრანგები ცხელი საჰაერო ბურთით ავსტრიის და ნიდერლანდების ჯარებს უთვალთვალებდნენ.

რა პრინციპით მუშაობს სათვალთვალო საჰაერო ბურთები და რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს მისი გამოყენება 21-ე საუკუნეში? გამოცემა The Conversation-მა ამ საკითხზე სასაუბროდ კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის აეროკოსკოსურ ინჟინერ იან ბოიდს მიმართა. სტატია სწორედ მისი წერილის საფუძველზე მოვამზადეთ.

რა არის ჯაშუშური ბურთი?

ჯაშუშური ბურთი აირით სავსე ბურთია, რომელიც ცაში საკმაოდ მაღლა დაფრინავს, უფრო მაღლა, ვიდრე კომერციული საჰაერო ხომალდები დაფრინავენ.

აქვს დახვეწილი კამერები და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიები და ყველა ამ ინსტრუმენტს მიწის ზედაპირისკენ მიმართავს. ქვემოთ, ხმელეთზე არსებულის შესახებ ინფორმაციას ფოტოგადაღებით და ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებით აგროვებს.

რატომ უნდა სურდეს ვინმეს ჯაშუშური ბურთის გამოყენება უბრალოდ ჯაშუშური თანამგზავრის ნაცვლად?

ზემოდან თვალთვალის საუკეთესო მეთოდი თანამგზავრებია. დღეისათვის, ჩვენს თავზე მრავალი ჯაშუშური თანამგზავრია, ძირითადად ერთ ან ორ სხვადასხვა ტიპის ორბიტაზე.

პირველს დედამიწის დაბალ ორბიტას უწოდებენ და როგორც სახელიც მიუთითებს, ეს თანამგზავრები შედარებით ახლოს არის ხმელეთთან. თუმცა, მიწისგან მათ მაინც რამდენიმე ასეული კილომეტრი აშორებთ.

ვიზუალიზაციისა და ფოტოების გადაღებისას, რაც უფრო ახლოს ხარ რაღაცასთან, მით უფრო მკაფიოდ ხედავ მას; ასეა თვალთვალის შემთხვევაშიც. დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები შედარებით ახლოს არის დედამიწასთან და უფრო მკაფიოდ ხედავენ, ვიდრე უფრო მაღალ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები.

ასეთი თანამგზავრების მინუსი ის არის, რომ ისინი გამუდმებით მოძრაობენ დედამიწის გარშემო. ერთი გარშემოვლისთვის დაახლოებით 90 წუთი სჭირდებათ. ეს კი საკმაოდ ჩქარი მოძრაობაა იმისათვის, რათა ზედაპირისთვის მკაფიო ფოტოების გადაღება მოხერხდეს.

თანამგზავრების ორბიტის მეორე ტიპს გეოსინქრონულ ორბიტას უწოდებენ და ის ზედაპირიდან საკმაოდ შორსაა. შესაბამისად, შორიდან ხედვაც ნაკლებია. მისი უპირატესობა ის არის, რომ თანამგზავრს სურათების უწყვეტად გადაღების საშუალებას აძლევს.

ასეთი ორბიტიდან მუდმივად დედამიწის ზედაპირის ერთ მონაკვეთს უყურებ, რადგან თანამგზავრი ზუსტად დედამიწის ბრუნვის სიჩქარით მოძრაობს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ორივე ასეთ ორბიტას ბურთი სჯობს. ბურთები ზედაპირთან გაცილებით ახლოს არიან, ვიდრე თანამგზავრები და შესაბამისად, უფრო მკაფიო ხედვაც აქვთ.

და კიდევ, ბურთები შედარებით ნელა მოძრაობენ. მიუხედავად ამისა, ბურთებით თვალთვალს დღეს ნაკლებად ახორციელებენ, რადგან ადვილია მათი მიზანში ამოღება და არც ბოლომდე კონტროლირებადნი არიან.

რა სახის თვალთვალი შეუძლია ჯაშუშურ ბურთებს?

სავარაუდოა, რომ ჩინეთის ბურთს სხვადასხვა სახის კამერები ჰქონდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შესაგროვებლად.

დღეისათვის, ვიზუალიზაცია ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვადასხვა რეგიონში ხდება. ადამიანები სპექტრის გარკვეულ დიაპაზონს ვხედავთ — ხილულ სპექტრს. თუ კამერით სურათს თქვენს ძაღლს გადაუღებთ, ეს გახლავთ ხილული ფოტო.

სწორედ ეს არის ჯაშუშური ხომალდის ერთ-ერთი საქმე. ისინი სურათებს რეგულარულად იღებენ, აქვთ გადიდების (ზუმი) შესანიშნავი უნარებიც.

თუმცა, შეგიძლია შეაგროვო სხვა სახის ინფორმაციაც ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვა ნაწილებში.

კიდევ ერთი, კარგად ცნობილი ნაწილია ინფრაწითელი. სპექტრის ხილულ ნაწილში მომუშავე კამერა ღამით ვერაფერს დაინახავს. ყველაფერი ბნელი იქნება. მაგრამ ინფრაწითელ კამერას შეუძლია შეაგროვოს სიბნელეში გამოყოფილი სითბო.

როგორ ახდენენ ნავიგაციას ეს ბურთები

ასეთი ბურთების უმეტესობა უბრალოდ იქით მიდის, საითაც ქარი უბერავს. რაღაც დონეზე ნავიგაცია შესაძლებელია, მაგრამ მათ ბორტზე ადამიანები ნამდვილად არ იმყოფებიან. ისინი ძირითადად ამინდის იმედად არიან.

ზოგჯერ აღჭურვილი არიან აპარატურით, რომლითაც შესაძლებელია ბურთის სიმაღლის შეცვლა, რათა ქარს კონკრეტული მიმართულებით გაჰყვნენ.

აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ჩინეთის სათვალთვალო ბურთი ამისათვის პროპელერებს იყენებდა. თუ ეს დადასტურდა, გამოდის, რომ მის ოპერატორებს ბურთის მარშრუტზე საკმაოდ დიდი კონტროლი ჰქონდათ.

როგორია სახელმწიფოს შეზღუდვები საჰაერო სივრცეზე? რა სიმაღლეზე ხდება ის კოსმოსი და აღარ ვრცელდება ვინმეს უფლებები?

არსებობს საერთაშორისოდ მიღებული საზღვარი, სახელად კარმანის ხაზი, რომელიც ზედაპირიდან 100 კმ სიმაღლეზეა. ჩინეთის ბურთი გაცილებით დაბლა მოძრაობდა და შესაბამისად, დანამდვილებით აშშ-ის საჰაერო სივრცეში იყო.

რომელი ქვეყნების შესახებ ვიცით, რომ ჯაშუშურ ბურთებს იყენებენ?

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, პენტაგონს აქვს პროგრამები, რომლებშიც სწავლობს, რა შეიძლება მოუხერხოს ასეთ ბურთებს ისეთი, რაც ადრე შესაძლებელი არ იყო. ისინი ახლა შეიძლება უფრო დიდები იყოს, ატმოსფეროში უფრო მაღლა მოძრაობდნენ და შესაბამისად, მათი ჩამოგდება ან გათიშვაც რთულია.

ამ ინციდენტისადმი ფართო ინტერესი მის უჩვეულო ბუნებას წარმოაჩენს. ალბათ ბევრი ვერც იფიქრებდა, რომ დღეს რომელიმე ქვეყანა აქტიურად იყენებს ჯაშუშურ ბურთებს.

1940-1950-იან წლებში აშშ-მა საბჭოთა კავშირის თავზე მრავალი ასეთი ბურთი გადააფრინა; თანდათანობით ისინი დიდ სიმაღლეზე მოძრავმა ჯაშუშურმა თვითმფრინავებმა, U-2-ებმა შეცვალა, რომლებიც თანდათან თანამგზავრებმა ჩაანაცვლა.

ალბათ სჯობს, ხანდახან წარსულში გავიხედოთ, რათა შევაფასოთ, არის თუ არა ახლა რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც ბურთებით ადრე შეუძლებელი იყო და ახლა შეგვიძლია? შეიძლება თუ არა რაიმე ისეთის მიღება, რაც თანამგზავრებით და თვითმფრინავებით შეუძლებელია?

რა შეიძლება ითქვას ჩინეთის ბურთზე

ჩინეთი მრავალი წელია ჩივის, რომ აშშ მას თანამგზავრებით და გემებით ზვერავს. ამავე დროს, ჩინეთი გამოირჩევა გარკვეული პროვოკაციული ქცევებით, მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც მისი გემები სხვა ქვეყნების საზღვრებთან ახლოს დაცურავენ.

წერილის ავტორის, იან ბოიდის აზრით, ბურთი აშშ-სთვის რაიმე რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს და ზოგჯერ, ჩინეთი უბრალოდ ექსპერიმენტებით ტესტავს, რამდენად შორს შეუძლია გაუშვას ასეთი ბურთები. ეს ტექნოლოგია ნამდვილად არ არის მოწინავე. არ ემსახურება რაიმე რეალურ სამხედრო მიზნებს. ბოიდი ფიქრობს, რომ ეს უფრო გარკვეული სახის პოლიტიკური მესიჯი იყო.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.