თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთს აქვს არმიასთან დაკავშირებული საჰაერო ბურთების პროგრამა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთს აქვს არმიასთან დაკავშირებული საჰაერო ბურთების პროგრამა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჩინეთს აქვს არმიასთან დაკავშირებული აეროსტატების პროგრამა, – ამის შესახებ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მან ამერიკაში ჩამოგდებულ ჩინურ საჰაერო ბურთებთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ჯონ კირბიმ განაცხადა, ჩამოგდებული ბურთების ნაწილები ჯერ კიდევ არ ამოუღიათ წყლიდან.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ჯერერობით უცნობია, იყო თუ არა გასულ დღეებში აშშ-ის მიერ ჩამოგდებული სამი საჰაერო ბურთი ისევე ჯაშუშური, როგორც მიმდინარე თვის დასაწყისში ჩამოგდებული აეროსტატი.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის საჰაერო ბურთების პროგრამა მოქმედებდა ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც.

„ჩვენ შევძელით, დაგვედგინა, რომ ჩინეთს გააჩნია მაღალი სიმაღლის საჰაერო ბურთების პროგრამა სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, რაც დაკავშირებულია სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან. ის მოქმედებდა წინა ადმინისტრაციის დროსაც, თუმცა მათ ის ვერ გამოავლინეს. ჩვენ ის აღმოვაჩინეთ, მივაგენით მის კვალს და გულდასმით ვსწავლობთ მას, რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ“, – განაცხადა კირბიმ.