ჩინეთის ხომალდმა მთვარის „ბნელი მხარიდან“ ახალი ფოტოები გამოგზავნა
ჩინეთის ხომალდმა მთვარის „ბნელი მხარიდან“ ახალი ფოტოები გამოგზავნა

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ჩინეთის ხომალდი „ჩანე 4“ და მავალი „იუთუ 2“ მთვარის „ბნელ მხარეს“ დასხდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში, ისინი ფონ კარმანის კრატერს იკვლევდნენ და მთვარის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრ „კეკიაოს“ საშუალებით მონაცემებს დედამიწაზე აგზავნიდნენ.

მისიის ფარგლებში, ხომალდი და მავალი ფოტოებსაც იღებდნენ, თანაც დიდი ოდენობით. ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა მისიის ინსტრუმენტთა მიერ შეგროვებულ ახალ მონაცემებსა და გასაოცარ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოები მთვარის 12 დღის განმავლობაშია გადაღებული. მთვარის ბრუნვის ხასიათიდან გამომდინარე, მისი დღე-ღამის ციკლი 29 დღეს გრძელდება. მთვარის ერთი დღე დედამიწის ორ კვირას უდრის და მისია სწორედ ამ დროის განმავლობაში ახერხებს სამეცნიერო საქმიანობას, რადგან ხომალდები ენერგიას მზის შუქისგან იღებენ. შემდეგი ორი კვირის (ღამის) განმავლობაში ინსტრუმენტები ითიშება.

დედამიწის ერთი წლის განმავლობაში, მთვარეზე 12 ასეთი ციკლი ხდება, ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები კი სწორედ ამ დროის განმავლობაშია შეგროვებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროის განმავლობაში მავალმა მხოლოდ 350 მეტრი გაიარა 180 კმ სიგანის ფონ კარმანის კრატერში, რომელიც მიეკუთვნება გაცილებით დიდ, უძველეს და ნაკლებად შესწავლილ დარტყმით ზონას, სახელად სამხრეთ პოლუსი-აიკტენის აუზს. მისი სიგანე 2500 კილომეტრია, ანუ მთვარის თითქმის მეოთხედი.

მთვარის ე. წ. ბნელი მხარის ლანდშაფტი ამ დრომდე დიდწილად შეუსწავლელია, რადგან ჩინეთის ხომალდამდე, იქ ჯერ არც ერთი სხვა ხომალდი წარმატებით არ დამჯდარა.

მისიის მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა შეიძლება გარკვეული სინათლე მოჰფინოს მთვარის ისტორიასა და ამ გიგანტურ, იდუმალ დარტყმით აუზს, ისევე როგორც მთლიანად მზის სისტემის ისტორიას.

სარელეო თანამგზავრი „კეკიაო“ საჭიროა იმიტომ, რომ მთვარე ელექტრომაგნიტურ რადიაციას ბლოკავს. თანამგზავრი ლაგრანჟის წერტილშია განთავსებული და სწვდება როგორც მისიას, ისე დედამიწას, ანუ მიმოცვლის სიგნალებს.

„კეკიაო“ ასევე ატარებს ექსპერიმენტს — ცდილობს დააფიქსიროს ღრმა კოსმოსიდან მომდინარე დაბალი სიხშირის სიგნალები, რისი გაკეთებაც ადვილი არ არის დედამიწიდან, რადგან ამაში ხელს გვიშლის იონოსფერო.

ხომალდმაც და მავალმაც მისიის დაგეგმილ ხანგრძლივობას უკვე გადააჭარბეს — სამი თვის მაგივრად, უკვე 12 თვეა, რაც აქტიურად მუშაობენ.

წლის ბოლოს ჩინეთი გეგმავს გაუშვას შემდეგი მისია, „ჩანე 5“. თუმცა, ის „ბნელ მხარეს“ არ დაჯდება. მისი მიზანი იქნება შეაგროვოს მთვარის ქანების 2 კილოგრამამდე ნიმუშები და კვლევისათვის დედამიწაზე ჩამოიტანოს.

თუ მისია წარმატებული აღმოჩნდა, ეს იქნება მთვარის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის პირველი შემთხვევა 1976 წლის შემდეგ.