ჩინეთის გიგანტურმა ტელესკოპმა იდუმალი კოსმოსური სიგნალები დააფიქსირა
ჩინეთის გიგანტურმა ტელესკოპმა იდუმალი კოსმოსური სიგნალები დააფიქსირა

გახსოვთ ტყეებში ჩაკარგული გიგანტური ტელესკოპი, რომელიც ჩინეთმა რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა? მაშ ასე, ხუთასი მეტრის აპერტურის მქონე ამ სფერულმა რადიოტელესკოპმა (FAST) ცოტა ხნის წინ იდუმალი კოსმოსური სიგნალი, ე. წ. სწრაფი რადიოსიგნალი დააფიქსირა.

სწრაფი რადიოსიგნალები, იგივე FRB, შორეული კოსმოსიდან მომდინარე ხანმოკლე, მაგრამ ენერგიის მძლავრი პულსებია. პირველი ასეთი სიგნალი 2007 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ, ასტრონომებმა კიდევ მრავალი მათგანი დაიჭირეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ასტრონომებმა ბევრი რამ შეიტყვეს მათ შესახებ, ჯერ მაინც დაზუსტებით არ არის ცნობილი თუ რა არის ეს სიგნალები ან საიდან მოდის ჩვენამდე. სავარაუდოდ, ისინი წარმოქმნილია შავი ხვრელების ან მაგნეტარების სახელით ცნობილი ნეიტრონული ვარსკვლავების მიერ.

გიგანტური ჩინური ტელესკოპის, FAST-ის მიერ დაფიქსირებული სწრაფი რადოსიგნალი იმით არის გამორჩეული, რომ განმეორებადია. ამ სიგნალს FRB 121102-ს უწოდებენ და პირველად ის 2012 წელს პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს ობსერვატორიამ დააფიქსირა; მას შემდეგ, ის რამდენჯერმე კვლავ გამოჩნდა.

მკვლევართა განცხადებით, ამ სიგნალმა ჩვენამდე 3 მილიარდი წლის მანძილიდან მოაღწია.

FRB 121102 FAST-მა 30 აგვისტოს დაიჭირა, შემდეგ დღეებში კი მისი ათობით პულსი ჩაიწერა.

FAST-ის მიმღები 1.05-1.45 გიგაჰერც რადიოდიაპაზონს ფარავს და განსაკუთრებით მგრძნობიარეა რადიოსიგნალების მიმართ. სწორედ ამიტომ, ის ბრწყინვალე ხელსაწყოა FRB 121102-ის შესასწავლად.

ამ რადიოსიგნალებზე უკეთ დაკვირვების შემდეგ, ალბათ საბოლოოდ გაირკვევა, რას წარმოადგენს ისინი რეალურად. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, FRB-ები წარმოიქმნება გარკვეული ტიპის ნეიტრონულ ვარსკვლავთა ქერქის დაშლის შედეგად.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად კი, სხვადასხვა სახის FRB-ებს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს, რაც კარგად ხსნის, თუ რატომ მეორდება სიგნალი FRB 121102, სხვები კი არა.

ამ დამაინტრიგებელი კოსმოსური ფენომენის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზას ახლა უკვე ტელესკოპ FAST-ის მიერ შეგროვებული მონაცემებიც შეემატა. ტელესკოპის მეცნიერთა ჯგუფმა უკვე გამორიცხა იმის შანსი, რომ მათ მიერ დაფიქსირებული სიგნალი რომელიმე ხომალდის ან ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრისგან მოდიოდეს.

კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ფიზიკოს ზიგი პლენის განცხადებით, ამაღელვებელია იმის გაანალიზება, რომ ამ სიგნალების სახით ბუნება ასეთ საოცარ ფენომენს წარმოქმნის. მისივე თქმით, მათ სტრუქტურაში არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გაშიფვრასაც ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როცა საბოლოოდ გავიგებთ, რას წარმოადგენს რეალურად ეს იდუმალი სიგნალები.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.