ავსტრალიურმა ტელესკოპმა სამყაროს მეორე მხრიდან მოსული 20 იდუმალი სიგნალი დააფიქსირა
ავსტრალიურმა ტელესკოპმა სამყაროს მეორე მხრიდან მოსული 20 იდუმალი სიგნალი დააფიქსირა

ავსტრალიის ერთ-ერთ უდაბნოში, ახალი ობსერვატორია ისტორიას წერს. წელიწადზე ნაკლებ პერიოდში, რადიოინტერფერომეტრმა ASKAP-მა დააფიქსირა სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) სახელით ცნობილი 20 ახალი იდუმალი სიგნალი.

მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია განმეორებად სწრაფ რადიოსიგნალთა ერთი წყარო, რომელსაც FRB 121102-ს უწოდებენ. მაგრამ ეს სიგნალები ამ წყაროს არ ეკუთვნის — წამოსულია სრულიად სხვა წყაროებიდან. ამ აღმოჩენის შემდეგ, თითქმის გაორმაგდა აქამდე დაფიქსირებულ სწრაფ რადიოსიგნალთა წყაროების ოდენობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არის ყველაზე კაშკაშა და უახლოესი სწრაფი რადიოსიგნალები ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის.

ასტროფიზიკოს რაიან შენონის განცხადებით, ასევა გაირკვა, რომ ეს სიგნალები სამყაროს მეორე მხრიდან მოდის და არა გალაქტიკური სამეზობლოდან.

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი საიდუმლოა. ისინი უკიდურესად მძლავრია — გამოიმუშავებენ იმდენ ენერგიას, რამდენის წარმოქმნასაც ასობით მილიონი მზე დასჭირდებოდა.

გარდა ამისა, ეს სიგნალები უკიდურესად ხანმოკლეცაა — გრძელდება მხოლოდ მილიწამები. უმეტესი მათგანი მხოლოდ ერთხელ ხდება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათი პროგნოზირება და შესაბამისად, ასტრონომები დაკვირვებებს წინასწარ ვერ გეგმავენ. გამოსავალია რადიოტელესკოპი, რომელიც შემთხვევით ცის სწორედ იმ მონაკვეთისკენაა მიმართული, სადაც ეს სიგნალი ენთება.

ტელესკოპ ASKAP-ის მონაცემებამდე, ასტრონომებს აღმოჩენილი ჰქონდათ FRB-ების მხოლოდ 34 წყარო.

სწრაფი რადიოსიგნალების დაფიქსირების მხატვრული წარმოსახვა

ავსტრალიის ახალი ტელესკოპი ამჟამად მშენებარე Square Kilometre Array-ის პროექტის ნაწილია და სამეცნიერო დაკვირვებები მან მხოლოდ 2017 წლის იანვარში დაიწყო. იმის გამო, რომ ახალია, აღჭურვილია ნამდვილად საინტერესო ტექნოლოგიებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური მიმღები PAF-ი, რომელსაც გაცილებით ფართო ხედვის არეალი აქვს.

თითოეული PAF-ი მგრძნობიარეა ცის 30 კვადრატულ გრადუსზე. სხვადასხვა მხარეს მიმართული 12 რადიოანტენა უზრუნველყოფს წარმოუდგენლად დიდ, ცის 240 კვადრატული გრადუსის დაფარვას.

თითოეული სიგნალისგან მიღებული სინათლის დეტალური ანალიზის შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა ცოტა უფრო მეტი დეტალი გაარკვია ამ იდუმალ კოსმოსურ სიგნალთა შესახებ.

ასტრონომ ჟან-პიერ მაკარის განცხადებით, მონაცემები მიუთითებს, რომ ამ სიგნალებმა კოსმოსში მოგზაურობისას გაიარეს მრავალ სხვადასხვა მატერიაში, რაც აქამდე უცნობი იყო. მისივე თქმით, ასევე გაირკვა ისიც, რომ ჩვენამდე მოსასვლელად, სიგნალებს გამოვლილი აქვთ თითქმის ნახევარი სამყარო.

დიახ, ნახევარი სამყარო — მაკეს განცხადებით, ახალი სწრაფი რადიოსიგნალები მოსულია სულ მცირე 7 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან.

მოსვლის დროის განსაზღვრის შედეგად, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ გაცილებით მეტი შეიტყონ გალაქტიკებს შორის გაუხშოებულ სივრცეში არსებული აირების შესახებ, რისი შესწავლაც საკმაოდ რთულია.

ეს ყველაფერი ამაღელვებელია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იწვევს სწრაფ რადიოსიგნალებს ან საიდან მოდის ისინი. გამომდინარე იქიდან, რომ ასე შორს, დედამიწამდე აღწევენ, მათი წყარო წარმოუდგენლად ძლიერი უნდა იყოს. მეცნიერთა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ეს სიგნალები რომელიმე მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციისგან მოდიოდეს.

მკვლევართა თქმით, შემდეგი ნაბიჯია იმ გალაქტიკის პოვნა, საიდანაც სიგნალები მოდის, რაც მათ შესახებ მრავალ ახალ დეტალს გაგვიმხელს.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი