ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მათ მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მათ მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალი დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

ჩინელი ასტრონომები აცხადებენ, რომ მათმა გიგანტურმა ტელესკოპმა, რომელსაც „ცის თვალსაც“ უწოდებენ, შეიძლება შორეული არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალთა კვალი დააფიქსირა. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები მოხსენებაში იუწყებოდნენ, რომელიც ამჟამად წაშლილია.

„პეკინის ნორმალური უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს არამიწიერ ცივილიზაციათა შესაძლო ტექნოლოგიური კვალის რამდენიმე შემთხვევა“, — ამის შესახებ ნათქვამი იყო ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურ გაზეთ Science and Technology Daily-ში 14 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

სიგნალები დააფიქსირა ჩინეთის 500-მეტრის აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა (FAST), ზედმეტსახელად „ცის თვალმა“, რომელიც ამჟამად მსოფლიოში უდიდესი რადიოტელესკოპია.

ტელესკოპი 2019 წელს ღრმა კოსმოსში ეძებდა რადიოსიგნალებს, რომლებიც შეიძლება არამიწიერი სიცოცხლის მანიშნებელი ყოფილიყო; მეცნიერებმა ეს მონაცემები 2020 წელს დაამუშავეს და როგორც ახლა ამბობენ, შენიშნეს ორი საეჭვო, ვიწროზოლიანი, პოტენციურად ხელოვნური რადიოსიგნალი.

ამის შემდეგ, 2022 წელს, უკვე ცნობილი ეგზოპლანეტების მიზნობრივი კვლევისას დააფიქსირეს კიდევ ერთი, მესამე ვიწროზოლიანი რადიოსიგნალი.

ვინაიდან ეს სიგნალები ვიწროზოლიანი რადიოტალღებია, როგორებსაც ძირითადად მხოლოდ კოსმოსური ხომალდები და ხელოვნური თანამგზავრები იყენებენ, ისინი შეიძლება მართლაც არამიწიერი ტექნოლოგიების მიერ იყოს გამოყოფილი. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ შედეგები პირველადია და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვიდრე ანალიზები არ დასრულდება.

„დავაფიქსირეთ რამდენიმე ისეთი ვიწროზოლიანი ელექტრომაგნიტური სიგნალი, რომლებიც წარსულში დაფიქსირებულთაგან განსხვავდება და ამჟამად მათი შესწავლა მიმდინარეობს“, — ამბობს პეკინის ნორმალური უნივერსიტეტთან არსებული ჩინეთის არამიწიერ ცივილიზაციათა კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟანგ ტონგიე.

მისი განცხადებით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საეჭვო სიგნალი სინამდვილეში რაღაც სახის რადიოინტერფერენციას, ანუ დედამიწისეულ სიგნალთა აღრევას წარმოადგენდეს და შესაბამისად, საჭიროა ამის გამორიცხვა, რაც შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს.

გამოქვეყნების შემდეგ, მოხსენება სწრაფად გავრცელდა ჩინეთის სოციალურ მედია ქსელ Weibo-ში, მის შესახებ დაწერა რამდენიმე სხვა სახელმწიფო გამოცემამაც. უცნობია, რატომ წაიშალა შემდეგ მოხსენება უცაბედად.

ეს სიგნალები პირველი არ არის, როდესაც მეცნიერები ღრმა კოსმოსიდან მოსულმა რადიოტალღებმა საგონებელში ჩააგდო.

1977 წლის აგვისტოში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელესკოპმა დააფიქსირა წარმოუდგენლად მძლავრი, ერთი წუთის ხანგრძლივობის ელექტრომაგნიტური გაელვება, რომლის სიხშირემაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ის შეიძლება არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალი ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც ტელესკოპზე მომუშავე მეცნიერმა ჯერი ეგმანმა მონაცემებში ეს სიგნალი შენიშნა, გვერდზე წითელი კალმით ნაჩქარევად მიაწერა “Wow!” და სწორედ ეს სახელი შერჩა შემდეგში ამ სახელგანთქმულ სიგნალს.

იმ რეგიონის ყოველი შემდეგი კვლევა უშედეგოდ დასრულდა. შემდეგმა კვლევებმა კი მიუთითა, რომ სიგნალი შეიძლება მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე ერთი მზის მსგავსი ვარსკვლავიდან მოდიოდეს; მიუხედავად ამისა, მისი წყარო დღემდე არ არის დაზუსტებით ცნობილი.

ჩინელი ასტრონომები ცდილობენ გამორიცხონ რადიოინტერფერენცია, რადგან ასეთი რამ არაერთხელ შეემთხვათ უცხოპლანეტელებზე მონადირე მეცნიერებს ახლო წარსულში. 2019 წელს, ასტრონომებმა დააფიქსირეს სიგნალი, რომელიც მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის (მდებარეობს ჩვენგან 4,2 სინათლის წლის მანძილზე) მიმართულებიდან მოდიოდა; ცნობილია, რომ ამ ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს სიცოცხლისთვის პოტენციურად ხელსაყრელი სულ მცირე ერთი პლანეტა.

სიგნალი წარმოადგენდა ვიწროზოლიან რადიოტალღას, როგორიც ძირითადად დაკავშირებულია ხელოვნურ ობიექტებთან, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ის შეიძლება არამიწიერი ტექნოლოგიების მიერ ყოფილიყო გამოსხივებული.

თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევებმა მიუთითა, რომ დიდი ალბათობით, ეს სიგნალი წარმოქმნილი იყო ხარვეზებით მომუშავე ჩვენივე ტექნოლოგიის მიერ.

ასეთივე შემთხვევათა მაგალითია 2011-2014 წლებს შორის დაფიქსირებული სხვა რამდენიმე სიგნალიც; თავდაპირველად ასტრონომებმა იეჭვეს, რომ ისინი შეიძლება არამიწიერ ცივილიზაციათაგან ყოფილიყო მოსული, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის თავად მათივე მიკროტალღური ღუმელის მიერ იყო გამოყოფილი.

ზოგიერთი მეცნიერი საკმაოდ შორს მიდის და მიაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში უნდა იყოს მრავალი მოწინავე არამიწიერი ცივილიზაცია.

ჟანგ ტონგიე აცხადებს, რომ მისი ჯგუფი ამ უცნაურ სიგნალებზე განმეორებით დაკვირვებებს გეგმავს, რათა გადაჭრით გამოირიცხოს რადიოინტერფერენცია და მათ შესახებ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია შეაგროვონ.

„მოუთმენლად ველოდებით, რომ FAST პირველი ტელესკოპი გახდეს, რომელიც აღმოაჩენს და დაადასტურებს არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობას“, — ამბობს ტონგიე.

შეუსაბამობა სამყაროს მასშტაბს, ასაკსა და დედამიწის მიღმა სიცოცხლის გონიერი ფორმების აშკარა ნაკლებობას შორის, რასაც ფერმის პარადოქსს უწოდებენ, უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს საგონებელში აგდებს.

პარადოქსმა სახელი მიიღო ცნობილი ნობელიანტი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის მიერ სადილის დროს ამ თავსატეხზე ფიქრისას წარმოთქმული ცნობილი ფრაზისგან, „სად არიან ისინი?“

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი