ირმის ნახტომში უზარმაზარი, გაურკვეველი სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომში უზარმაზარი, გაურკვეველი სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

როდესაც დიდ ტბაში ან ზღვაში ცურავთ, მისი მოცულობის დადგენა ან ამავე წყალში მოცურავე შორეულ ობიექტებამდე მანძილის განსაზღვრა ადვილი არ არის. ზუსტად იგივე ითქმის ჩვენს გალაქტიკაზეც.

ირმის ნახტომში ჩვენი ადგილმდებარეობიდან ურთულესია მისი ზომის, შემცველობისა და სამგანზომილებიანი სტრუქტურის გარკვევა. ბევრი რამ ჩვენი თვალთახედვის მიღმაა ან გამოთვლების წარმოებაც შეუძლებელია; მიუხედავად ამისა, სულ უფრო ხშირად ხდება ისეთი რამეების აღმოჩენა, რომ გვიკვირს, როგორ შეიძლებოდა ისინი ამ დრომდე ვერ შეგვემჩნია.

ახლად აღმოჩენილ სტრუქტურას კატაილი უწოდეს და ის სწორედ ასეთი საოცრებაა. წარმოადგენს გაზის გრძელ „კულულს“, რომელიც იმდენად დიდია, რომ ასტრონომთა აზრით, ის შეიძლება გალაქტიკის აქამდე შეუმჩნეველი სპირალური მკლავიც კი იყოს.

თუნდაც სპირალური მკლავი არ აღმოჩნდეს, კატაილი შეიძლება ჩვენს გალაქტიკაში ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი გაზის ფილამენტი გახდეს. კვლევა უკვე მიღებულია The Astrophysical Journal Letters-ში დასაბეჭდად, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

„ეს სტრუქტურა ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე შორეული და გიგანტური ფილამენტი უნდა იყოს“, — წერს ჩინეთის ქალაქ ნანკინის ასტრონომთა ჯგუფი.

მკვლევართა განცხადებით, უცნობია, როგორ შეიძლება წარმოქმნილიყო ასეთი გიგანტური ფილამენტი გალაქტიკის ასეთ ექსტრემალურ ადგილას. მათივე აზრით, კატაილი შეიძლება ჩვენთვის აქამდე უცნობი სპირალური მკლავის ნაწილი იყოს, მაგრამ მისი სტრუქტურა გალაქტიკური დისკოს მოღუნულობას ბოლომდე არ მიუყვება.

ირმის ნახტომის სამგანზომილებიანი რუკის შედგენა რამდენიმე მიზეზის გამოა რთული. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა კოსმოსურ ობიექტებს შორის მანძილის დადგენის სირთულე. ამას გარდა, გალაქტიკაში ბევრი მატერიაა და შესაბამისად, რთულია იმის გარკვევა, რაიმე მნიშვნელოვან ობიექტს ვხედავთ თუ უბრალოდ, მატერიის შემთხვევით შეჯგუფებას.

კატაილის აღმოსაჩენად, ნანკინის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ჩინეთის უზარმაზარი, ხუთას-მეტრიანი აპერტურის სფერული რადიოტელესკოპი (FAST) გამოიყენეს; ისინი ნეიტრალური ატომური წყალბადის (HI) ღრუბლებს სწავლობდნენ. ასეთი ღრუბლები ძირითადად გალაქტიკების სპირალურ მკლავებში გვხვდება; წყალბადის სინათლეში ოდნავი განსხვავებების შესწავლით, შესაძლებელია ირმის ნახტომის მკლავების რაოდენობისა და განლაგების დადგენა.

2019 წლის აგვისტოში, მკვლევრებმა FAST-ით HI-ს რადიოგამოსხივება შეისწავლეს; მონაცემები რაღაც დიდ სტრუქტურაზე მიუთითებდა. როდესაც მათ სტრუქტურის მოძრაობის სიჩქარე გამოთვალეს, დიდ სიურპრიზს წააწყდნენ: გადაადგილების სიჩქარე მიუთითებდა, რომ ის გალაქტიკის ცენტრიდან 71 750 სინათლის წლით არის დაშორებული, ანუ გალაქტიკის გარე რეგიონში მდებარეობს.

ამ შორეულ რეგიონში გალაქტიკის არც ერთი სპირალური მკლავი არ არის; FAST-ის მონაცემების მიუთითებდა, რომ ეს სტრუქტურა წარმოუდგენლად დიდია — სიგრძეში 3590 სინათლის წელიწადი და სიგანეში 675 სინათლის წელი.

თუმცა, როდესაც მკვლევრებმა საკუთარი შედეგები სხვა პროგრამის, HI4PI-ის მონაცემებს შეურწყეს, გაირკვა, რომ ეს სტრუქტურა შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს — დაახლოებით 16 300 სინათლის წლის სიგრძეზე გადაჭიმული.

თუ მართლაც ასეა, ის უფრო დიდი გამოდის, ვიდრე ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი გაზის სტრუქტურა, სახელად გულდის სარტყელი, რომლის სიგრძეც 9000 სინათლის წელია.

კატაილი ფრიად საინტერესო კითხვებს წარმოშობს. გაზის ფილამენტების უმეტესობა გალაქტიკის ცენტრთან გაცილებით ახლოს იყრის თავს და სპირალურ მკლავებთან არიან დაკავშირებული. თუ ის ფილამენტია, უცნობია, როგორ წარმოიქმნა კატაილი ირმის ნახტომის ამ დრომდე ცნობილ სპირალურ მკლავთაგან ასე შორის.

მეორე მხრივ, ასევე საოცარი იქნება, თუ ის სპირალური მკლავია. დიდი ხნის წინ სხვა გალაქტიკასთან შეჯახების გამო, ირმის ნახტომის გალაქტიკური დისკო მერყევი და გამრუდებულია. თუმცა, კატაილი რომ სპირალური მკლავი იყოს, მისი ფორმა ამ გამრუდებას ბოლომდე არ შეესაბამება.

რაც არ უნდა იყოს ეს სტრუქტურა, ის იმდენად გამორჩეულია, რომ დეტალური კვლევების გაგრძელებად ნამდვილად ღირს.

კვლევა უკვე მიღებულია The Astrophysical Journal Letters-ში დასაბეჭდად, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.